საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი - ჩვენზე ჩამოკიდებული დამოკლეს მახვილი ჩვენივე კოლოსალური ფინანსური ვალია
ჩვენზე ჩამოკიდებული დამოკლეს მახვილი ჩვენივე კოლოსალური ფინანსური ვალია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მიშელ ბარნიემ, ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიშელ ბარნიეს თქმით, მთავრობის ამოცანა არის 2025 წელს დეფიციტის შემცირება მშპ-ს ხუთ პროცენტამდე. ბარნიემ კანონმდებლებს განუცხადა, რომ შემცირების ორი მესამედი მომდინარეობს „ხარჯების შემცირებიდან“, მაგრამ მთავრობა ასევე სთხოვს დიდ მოგების მქონე კომპანიებს, წვლილი შეიტანონ აღდგენაში.
„მთავრობა ასევე ითხოვს განსაკუთრებულ წვლილს უმდიდრესი ფრანგებისგან, რათა არიდებული იქნას გადასახადების თავიდან აცილების სტრატეგიები ყველაზე დიდი გადამხდელების მხრიდან“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
ბარნიემ აღნიშნა, რომ მთავრობა ღიაა პროფკავშირებთან მოლაპარაკებების ხელახლა დასაწყებად ქვეყნის საპენსიო სისტემის შესახებ, რამაც გამოიწვია წინააღმდეგობა სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით. ცნობისთვის, ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო კანონპროექტი, რომლის შედეგადაც საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე გაიზარდა, მიუხედავად ცვლილებების მიმართ დიდი წინააღმდეგობისა.
მიშელ ბარნიემ პარლამენტს ასევე განუცხადა, რომ 2025 წლის ბოლომდე ის გადადებს ადგილობრივ არჩევნებს საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაზე, ახალ კალედონიაში. წყნარი ოკეანის კუნძული ახალი კალედონია მოიცვა ძალადობრივმა არეულობამ ძირძველ კანაკებსა და ფრანგების მომხრეებს შორის. საფრანგეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, საფრანგეთში მინიმალური ხელფასი პირველ ნოემბერს 2 პროცენტით გაიზრდება.
ბარნიემ პირობა დადო, რომ შემოიღებს უფრო მკაცრ საიმიგრაციო და ინტეგრაციის პოლიტიკას, რათა დაეხმაროს საფრანგეთს ინტეგრაციის მიზნების მიღწევაში.
„ჩვენ აღარ გვაქვს დამაკმაყოფილებელი კონტროლი მიგრაციულ პოლიტიკაზე შედეგად, ვერ ვასრულებთ ინტეგრაციის მიზნებს დამაკმაყოფილებლად“, – განაცხადა მიშელ ბარნიემ საფრანგეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.