საფრანგეთის პარლამენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კანონი დაამტკიცა
საფრანგეთის პარლამენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კანონი დაამტკიცა. საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ორივე პალატამ დაუჭირა მხარი. ქვედა პალატაში – საკანონმდებლო კრებაში დოკუმენტს 349 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 186-მა მისცა ხმა.
საიმიგრაციო კანონს, როგორც პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტული პარტიის, ისე მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიის წევრებმა მისცეს ხმა.
საკანონმდებლო ცვლილებები საფრანგეთში არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციის გამარტივებას და სოციალური დახმარების მიღების გართულებას ითვალისწინებს. ასევე, ახალი წესებით, რთულდება მიგრანტების მიერ მათი ოჯახის წევრების საფრანგეთში ჩაყვანა.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებისთვის, რომლებმაც სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.
„დღეს მკაცრი ზომები აუცილებელია“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა კენჭისყრის შემდეგ.
საკანონმდებლო ცვლილებებს მიესალმება მარინ ლე პენიც, რომელმაც კანონს „იდეოლოგიური გამარჯვება“ უწოდა.