საფრანგეთის მთავრობა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. შესაბამის კანონპროექტს მინისტრთა კაბინეტი პარლამენტს დღეს წარუდგენს.
კანონპროექტის თანახმად, 45-დან 90 დღემდე გაიზრდება არალეგალი მიგრანტების დაკავების პერიოდი. ამასთან, 15 დღემდე მცირდება თავშესაფარზე უარის გასაჩივრების ვადა და მკაცრდება საიმიგრაციო ცენტრების შემოწმება, საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის კი გათვალისწინებულია ერთ წლამდე პატიმრობა ან ჯარიმა.
მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, ქვეყნის პოლიტიკა მიგრაციის საკითხებში სამართლიანი უნდა იყოს, ამიტომ კანონპროექტი არასრულწლოვნებისთვის თავშესაფრის მიღებას ამარტივებს.
ემანუელ მაკრონის მთავრობის ინიციატივას აკრიტიკებენ უფლებადამცველები.
როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია Cimade-ს წარმომადგენელმა განაცხადა, კანონპროექტი საფრანგეთში მიგრანტებისა და ლტოლვილების უფლებების მდგომარეობის გაუარესებას ასახავს.
მიმდინარე თვეში კვლევითი კომპანია BVA-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საფრანგეთში ამომრჩეველთა 63% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ზედმეტად ბევრი იმიგრანტია.
2017 წელს საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა რეკორდს მიაღწია და 100 000-ს გადააჭარბა.