საფრანგეთის მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, ზაფხულში ქვეყნიდან გასვლას მოერიდონ
საფრანგეთის მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, ზაფხულში ქვეყნიდან გასვლას მოერიდონ

საფრანგეთის მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა, წელს ზაფხულში ქვეყნიდან გასვლას მოერიდონ. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა გააკეთა.

როგორც ცნობილია, საფრანგეთის შიგნით მოქალაქეთა გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია, თუმცა მთავრობა წესების შემსუბუქებას მომავალ კვირას აპირებს. დღეს საფრანგეთის მოქალაქეებს საცხოვრებელი ადგილიდან 100 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ ადგილებში გადაადგილება შეზღუდული აქვთ.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პარიზი კვლავ დარჩება ე.წ. წითელ ზონად, რადგან დედაქალაქში ვირუსის გავრცელების რისკი ისევ მაღალია. ამიტომ, პარკები პარიზში კვლავ დახურული იქნება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ წელს ფრანგები საზღვარგარეთ გამგზავრებას ვერ შეძლებენ და ევროპის შიგნით მათი გადაადგილებაც შეიძლება, შეზღუდული იყოს, რათა ეპიდემიის მეორე ტალღა თავიდან იყოს აცილებული.