„ბლუმბერგი“ – ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტის მონაწილეობით დაგეგმილ პრესკონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა

01:31, 06.11.2026

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უარი თქვა პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დასწრებაზე, რითაც ნავროცკის პოლიტიკურ მეტოქეს, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს მხარდაჭერა გამოუცხადა, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენს 5 ნოემბერს, პრესკონფერენციაზე გამოსვლა ჰქონდა დაგეგმილი, პოლონეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, სლოვაკეთის და უნგრეთის, ე.წ. ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების, პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, რომელიც სლოვაკეთის დასავლეთ ქალაქ ტრენჩინში გაიმართა. წყაროების ინფორმაციით, თავდაპირველად ის სამიტში მონაწილეობის საერთოდ გაუქმებას გეგმავდა, მაგრამ გადაიფიქრა. წყაროების ცნობით, ამის ნაცვლად, ფონ დერ ლაიენმა გადაწყვიტა, შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციას არ დასწრებოდა, რათა ტუსკისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა და პოლონეთის პრეზიდენტ, კაროლ ნავროცკისთან ერთად სიტყვით არ გამოსულიყო.

შეკითხვაზე საპასუხოდ, ევროკომისიის პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა, რომ ფონ დერ ლაიენის არყოფნას არაფერი აქვს საერთო პოლონეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან და პრესკონფერენციაზე არ დასწრება ევროკომისიის პრეზიდენტის დატვირთული განრიგის გამო ვერ მოხერხდა.

ცნობისთვის, ტუსკი და ნავროცკი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით მწვავე დაპირისპირებაში არიან. გასულ კვირას მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკამ ტრიბუნალის თავმჯდომარის, ბოგდან შვენჩკოვსკისა და მისი მოადგილის, ბართლომიეი სოხანსკის უფლებამოსილება შეაჩერა. მისი თქმით, ტრიბუნალის ხელმძღვანელობა ახლად არჩეულ მოსამართლეებს სამუშაოს დაწყებას უშლის. დავის საგანი ოთხი მოსამართლეა, რომლებიც პარლამენტმა აირჩია. მათ პარლამენტში ფიცი დადეს, მაგრამ პრეზიდენტი ნავროცკი ამბობს, რომ მისი თანდასწრებით ფიცის დადების გარეშე ისინი მოსამართლის უფლებამოსილებას ვერ განახორციელებენ.

მსგავსი