115 მილიონი წლის ნამარხში დინოზავრის სისხლის უჯრედები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
მსოფლიოში უამრავი დინოზავრის ძვალია აღმოჩენილი. ნაპოვნია მათი კბილებიც, კანი, ბუმბულები, კვერცხები და განავალიც კი.
ამჯერად მეცნიერებმა დინოზავრის სისხლი იპოვეს.
ავსტრალიის კერტინის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა განმარხებული სისხლის წითელი უჯრედები და სისხლიდან მიღებული მოლეკულები. ისინი 100 მილიონი წლის განმავლობაში ინახებოდა დინოზავრის ერთ ჩვეულებრივ ფეხის ძვალში.
თითქოს ნაცნობი ამბავია, რადგან გასულ წლებში რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფი აცხადებდა, რომ დინოზავრთა ნამარხებში ცილები და უჯრედები აღმოაჩინეს. თუმცა, ამ შემთხვევაში აღმოჩენა უნიკალურია და დასტურდება, რომ უჯრედები მართლაც თავდაპირველ ცხოველს ეკუთვნის და არ წარმოადგენს მისი სიკვდილის შემდეგ გარედან დაბინძურების შედეგს.
ახალ კვლევაში, საეჭვო უჯრედთა იდენტობა გაამყარა ქიმიურმა ანალიზმა.
„რაღაც, რაც მიკროსკოპში სისხლის უჯრედებს ჰგავს, ძალიან საინტერესოა, მაგრამ თავად მორფოლოგია საკმარისი არ არის მისი ბიოლოგიური წარმომავლობის დასამტკიცებლად“, — ამბობს კერტინის უნივერსიტეტის ორგანული გეოქიმიკოსი კლიტი გრაისი.
მისი განცხადებით, მათი მიდგომა ამ სტრუქტურებთან აერთიანებს მიკროსკოპულ დაკვირვებებსა და ქიმიურ მტკიცებულებებს. დამოუკიდებელი მტკიცებულებების თანხვედრა ბევრად უფრო მძლავრი არგუმენტია, ვიდრე უბრალოდ იმის თქმა, რომ „ეს სისხლის წითელ უჯრედს ჰგავს.
აღმოჩენა გაკეთდა 2008 წელს ბრაზილიის ერთ-ერთ მაღაროში ნაპოვნ ნამარხზე. ძვლები Aratasaurus museunacionali-ის მარჯვენა ფეხს ეკუთვნოდა — პატარა თეროპოდ დინოზავრს, რომელიც დაახლოებით 115 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.
ახლოდან დათვალიერებისას, ძვლებში დააფიქსირეს განმარხებული ძარღვოვანი არხები. ამ არხებში ჯგუფმა ელიფსოიდური მიკროსტრუქტურების ნამდვილი განძი იპოვა.

„როცა Aratasaurus-ის ძვალი მიკროსკოპით და ქიმიურ დონეზე შევისწავლეთ, შევხვდით სტრუქტურებს, რომლებიც განსაკუთრებით ჰგავდა უჯრედებს — შესაბამისი ზომით და ბევრი მათგანი ძარღვოვან არხში შესაფერის ადგილას იყო. თუმცა, როგორც მეცნიერს, აღფრთოვანება ძალიან მალე შემიცვალა სკეპტიციზმმა. რაც უფრო არაჩვეულებრივია დაკვირვება, მით მეტი სიფრთხილით უნდა შეამოწმო ალტერნატიული ახსნები“, — ამბობს გრაისი.
ამისათვის, ჯგუფმა საეჭვო უჯრედებსა და ძვლების მიმდებარე მასალას ვიზუალიზაციის, სპექტროისკოპიისა და მოლეკულურ ანალიზთა სერია ჩაუტარა.
მაგალითად, შესაძლებელი იყო, რომ მიკროსტრუქტურები წარმოადგენდა იმ სოკოებისა და სხვა მიკრობების შემონახულ ნაშთებს, რომლებიც ძვლებში ცხოველის სიკვდილის შემდეგ, განმარხებამდე ბინადრობდნენ. მაგრამ თუ ასე იყო, იქვე უნდა ყოფილიყო ფილამენტები, სპორები, ბიოფილმები ან სხვა სტრუქტურები — ჯგუფმა მსგავსი ვერაფერი იპოვა.
გეოქიმიურმა ანალიზებმა ასევე ვერ გამოავლინა პირიტის მინერალიზაციის კვალი ან დანალექოვანი მარცვლები, რომლებიც შეიძლება ნიღბავდნენ უჯრედულ სტრუქტურებს.
მართალია, მშვენიერია, როცა დაბინძურებას ვერ პოულობ, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესია სისხლის უჯრედებთან დაკავშირებული ნაერთების პოვნა — განსაკუთრებით კი ჰემის, საკვანძო მოლეკულის, რომელიც სისხლის უჯრედებს ჟანგბადის გადატანაში ეხმარება.
მაღალი წარმადობის თხევადმა ქრომატოგრაფია-მას-სპექტრომეტრიამ ცხადყო, რომ ძვლის ექსტრაქტში დომინირებდა ჰემე B — მიმდებარე ქანებში არსებული მოლეკულური ხელწერისგან ძლიერ განსხვავებული; როგორც ჩანს,ის ფოტოსინთეზური მიკრობების მიერ იყო გამომუშავებული.
ჯგუფმა ასევე ჩაატარა ელემენტური კარტოგრაფირება, რათა გამოეკვლია, თუ რომელი ელემენტები ნამარხის რომელ ნაწილებს უკავშირდებოდა. აღმოჩნდა, რომ უჯრედის მსგავსი მიკროსტრუქტურები დაკავშირებული იყო რკინასთან, ნახშირბადთან და აზოტთან — ჰემეს პოტენციურ შემადგენლებთან. ძვლის დანარჩენი ნაწილი შედგებოდა ფოსფორის, კალციუმის, ფთორისა და ნახშირბადისგან.

ნამარხი დაახლოებით 115 მილიონი წლისაა და წარმოადგენს დინოზავრის შესაძლო სისხლის უჯრედების შემცველ უძველეს ნიმუშს ჩვენთვის ცნობილთა შორის; წინა აღმოჩენა „სულ რაღაც“ 80 მილიონი წლისაა.
საინტერესოა, როგორ გაძლო ამდენ ხანს ამ ციცქნა რბილმა ქსოვილებმა? ჯგუფი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი დიდწილად არის სპეციფიკური გეოლოგიური გარემო, რომელშიც Aratasaurus-ი შემოინახა — მიკრობული ხალიჩა თავთხელ წყალში, რომელიც თითქმის მთლიანად დაცლილი იყო ჟანგბადისგან.
„ჩვენი ინტერპრეტაციით, მანგანუმის მინერალიზაციამ შესაძლოა ხელი შეუწყო ამ უკიდურესად ნაზი სტრუქტურების სტაბილიზაციას ან მათ რეპლიკაციას გაქვავების პროცესში“, — ამბობს გრაისი.
მისი თქმით, სუფთა ბიოლოგიური უჯრედი უცვლელად კი არ გადარჩა 115 მილიონი წლის განმავლობაში, არამედ უფრო უპრიანია ვიფიქროთ, რომ თავდაპირველი ბიოლოგიური სტრუქტურა ურთიერთქმედებდა მიმდებარე გეოქიმიურ გარემოსთან. ამან შეიძლება შექმნა მინერალური ჩანაწერი რაღაც ისეთისა, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში ძალიან სწრაფად გაქრებოდა.
მიუხედავად ამისა, როგორც ნებისმიერი პოტენციურად გარდამტეხი კვლევის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ენთუზიაზმი გონივრული სიფრთხილით დავაბალანსოთ, ვიდრე მეცნიერები ამ და სხვა ნიმუშებზე დამატებით კვლევებს ატარებენ.
„უახლოესი პრიორიტეტი რეპლიკაციაა. საჭიროა დამატებითი ნამარხების, განსხვავებული გეოლოგიური გარემოებებისა და დინოზავრების საგვარეულო ხის სხვა ნაწილების შესწავლა, ურთიერთშემავსებელი მიკროსკოპული, ქიმიური და მოლეკულური მეთოდების გამოყენებით. თუ მსგავსი სიგნალების დამოუკიდებლად დემონსტრირება შესაძლებელი იქნება, შევძლებთ, დავსვათ ბევრად უფრო მასშტაბური კითხვები — როგორც შენახვის, ისე, გარკვეული სიფრთხილით, უძველესი ფიზიოლოგიის შესახებ“, — აღნიშნავს გრაისი.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ დინოზავრებთან დაკავშირებული შემდეგი დიდი აღმოჩენა შესაძლოა არა უდაბნოში გათხრებისას შემთხვევით გაკეთდეს, არამედ მაშინ, როდესაც მუზეუმის კურატორი მივიწყებულ უჯრას გადაქექავს.
„განსაკუთრებით მაღელვებს ის, რომ ათასობით ნამარხი, რომელიც უკვე განთავსებულია მუზეუმებისა და უნივერსიტეტების კოლექციებში, შესაძლოა ხელახლა გაანალიზდეს“, — ამბობს კვლევის ავტორი, ავსტრალიის კერტინის უნივერსიტეტის ორგანული გეოქიმიკოსი კლიტი გრაისი.
კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.