ერთი პატარა ძვლის საფუძველზე, პალეონტოლოგებმა ახალი, გიგანტური დინოზავრის სახეობა გამოავლინეს — #1tvმეცნიერება

14:58, 10.07.2026

პალეონტოლოგიის პოპულარული სურათია შორტებში და ფარფლებიანი ფართო ქუდით გამოწყობილი მეცნიერი, რომელსაც უდაბნოს ქვიშებიდან ამოაქვს დიდებული, ხელუხლებელი ჩონჩხი.

რეალობა კი ისაა, რომ პრეისტორიული ნარჩენების უმეტესობა დანაწევრებულია. ცალკე კბილი, ცალკე ფალანგა და ა. შ.

თუმცა, პალეონტოლოგისთვის, ამ გაფანტულ ფრაგმენტებს გაცილებით დიდი ამბების მოყოლა შეუძლია. ტაილანდში აღმოჩენილი ერთადერთი მალის საფუძველზე, მკვლევრებმა გიგანტური დინოზავრის სრულიად ახალი სახეობა გამოავლინეს.

მისი სახელია Uragasaurus kalasinensis-ი; ის გრძელკისერა ზავროპოდი იყო — მცენარეულობის მჭამელ დინოზავრთა ჯგუფი, რომელშიც ასევე შედიოდნენ დიპლოდოკები და ბრონტოზავრები. ბინადრობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტყეებში ზუსტად იურულ-ცარცულ გადასვლამდე, რომელიც დაახლოებით 143 მილიონი წლის წინ დაიწყო.

ამავე დროს, ის მამენჩიზავრების გრძელკისერა დინოზავრთა ოჯახის პირველი ოფიციალურად სახელდებული წევრია ჩრდილოეთ ტაილანდიდან.

„ეს აღმოჩენა აფართოებს მამენჩიზავრი ზავროპოდების ჩვენთვის ცნობილ მრავალფეროვნებას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და გვთავაზობს ახალ ინფორმაციას ამ კლადის გეოგრაფიული გადანაწილებისა და ევოლუციური ისტორიის შესახებ“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც ტაილანდის მაჰასასარახამის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი აპირუტ ნილპანაპანი ხელმძღვანელობდა.

უმეტეს შემთხვევაში, ნამარხის მიწიდან ამოღების მომენტი პალეონტოლოგების მუშაობის მხოლოდ დასაწყისია.

იმ მომენტიდან იწყება ფაზლის ამოხსნის მუხლჩაუხრელი სამუშაო — დისციპლინის ფიგურალური და ხშირად პირდაპირი მნიშვნელობის ხერხემალი.

ნილპანაპანისა და მისი კოლეგებისთვის ხერხემალი ფუ კრადუნგის ფორმაციაში აღმოაჩინეს — ნამარხების საბადოში, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში წარმოიქმნა მდინარეთა სისტემის მიერ ვრცელ ველზე დანალექებისა და ნარჩენების დალექვის შედეგად.

ამ ნაშთების დალექვის გზიდან გამომდინარე, ეს ფორმაცია ფრაგმენტებზე ოდნავ მეტს გვთავაზობს, კიდევ უფრო ცოტა მინიშნებებსაც.

Uragasaurus-ის შემთხვევაში, მკვლევრები მიხვდნენ, რომ მათ წინაშე რაღაც განსაკუთრებული იყო.

გამოუცდელი თვალისთვის, ყველა ზავროპოდის მალა შეიძლება ერთმანეთს ჰგავდეს. მაგრამ პალეონტოლოგისთვის, მალა შეიძლება დიდი ოდენობით დეტალურ ინფორმაციას შეიცავდეს.

სხვადასხვა დინოზავრის სახეობას შორის — ფორმა, მხარდამჭერი ქედების განლაგება, ღრმულები, რომლებშიც სასუნთქი სისტემიდან ვრცელდება ჰაერის პარკუჭები და ძვლის შიდა სტრუქტურა — ყველა ეს დეტალი შეიძლება განსხვავდებოდეს მნიშვნელოვნად ან ოდნავ.

ვიზუალურმა შესწავლამ და კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ ცხადყო, რომ ამ მალას ჰქონდა წარმონაქმნთა ისეთი კომბინაცია, რომელიც სხვა არცერთ სახეობაში იქამდე არ ენახათ.

დინოზავრის სასუნთქი სისტემის მიერ ნამარხში დატოვებული ჰაერის პარკუჭების პოზიცია და ფორმა, ასევე გარე ნაწილზე ძვლოვანი ქედების უჩვეულო, Y-ის ფორმის განლაგება ნამარხს უნიკალურობას სძენდა.

საინტერესოა, რომ გათხრებისას ახლომახლოს ზავროპოდის რამდენიმე სხვა ძვალიც აღმოაჩინეს, მათ შორის მცირე წვივი (ფიბულა), კორაკოიდი, კისრის მალები და სხვა მალები; მკვლევართა განცხადებით, ისინი შეიძლება ამავე სახეობას ეკუთვნის, მაგრამ მახასიათებლები სათანადოდ არაა შემონახული, რათა დაზუსტებით ითქვას, რომ ეს ძვლები მართლაც Uragasaurus-ს ეკუთვნის.

მხოლოდ თავდაპირველ მალას ჰქონდა ანატომიური „თითის ანაბეჭდი“, რომელიც ახალი სახეობის დიაგნოზირებისთვის იყო საჭირო.

სხვა მინიშნებები აჩვენებდა, რომ დინოზავრი მამენჩიზავრებს ეკუთვნოდა, მაგრამ არცერც ისეთ მამენჩიზავრს, რომელიც მეცნიერებს იქამდე ჰქონდათ ნანახი.

ასეთი იდენტიფიკაციაც კი ოჯახის შესახებ რაღაც ახალს გვეუბნება.

მამენჩიზავრების უმეტესობა ჩინეთშია აღმოჩენილი. Uragasaurus-ი გვეუბნება, რომ გვიანდელ იურულ პერიოდში ეს ოჯახი ასევე გავრცელებული იყო ამჟამინდელ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ერთი მალაა, რომელიც მილიონობით წლის წინ წყალმა ველზე გამორიყა და ჩამარხა — თუმცა, მის მიერ მოყოლილი ამბავი თავად ცხოველს გაცილებით სცილდება.

ჩვენთვის ის შეიძლება ერთი ჩვეულებრივი, რიგითი ძვალი იყოს, მაგრამ უძვირფასესია პალეონტოლოგებისთვის — მის საფუძველზე შეუძლიათ დაადგინონ, როგორ ჩამოყალიბდა და გავრცელდა დინოზავრთა მთელი ჯგუფი.

კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი