მუმიების ანალიზი ცხადყოფს, რომ მსხვერპლად შეწირვამდე, ინკები ბავშვებს ნარკოტიკებით აბრუებდნენ — #1tvმეცნიერება

13:01, 04.11.2026

ინკების დახვეწილ რიტუალებში მსხვერპლად შესაწირად შერჩეულ ბავშვებს ფსიქოდელიური და მათრობელა ნივთიერებებს აძლევდნენ; ალბათ გარდაუვალი სიკვდილის შიშის შესამსუბუქებლად ან იმ რწმენით, რომ ნარკოტიკული საშუალებები ღმერთებთან ურთიერთობაში დაეხმარებოდათ.

„არ შეგვიძლია ბავშვების ემოციების აღდგენა ან იმის ზუსტად განსაზღვრა, რას განიცდიდნენ ისინი ამ მოვლენებში. თუმცა, არ უნდა ვივარაუდოთ, რომ პრესტიჟულ რელიგიურ ცერემონიაზე შერჩევა აუცილებლად იმას ნიშნავდა, რომ ეს გამოცდილება არ იყო შემაშინებელი ან ტრავმული“, — ამბობს ვარშავის უნივერსიტეტის მკვლევარი დაგმარა სოჩა.

ინკების იმპერია სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე, 4000 კილომეტრის მანძილზე იყო გადაჭიმული და მე-13 საუკუნიდან მე-16 საუკუნემდე ყვაოდა, ვიდრე იქ ესპანელი დამპყრობლები გამოჩნდებოდნენ.

რიტუალში, რომელსაც კაპაკოჩას უწოდებდნენ, ახალგაზრდა ქალებს და ბავშვებს მთის ღმერთებს სწირავდნენ მსხვერპლად. ესპანელი დომიმნიკელი ბერი, მარტინ დე მურუა 1590 წელს წერდა, რომ კაპაკოჩას ცერემონიას იმ მიზნით ატარებდნენ, რომ თავიდან აეცილებინათ „შიმშილობა, მიწის ნაყოფიერების შემცირება, გვალვა, ეპიდემიები და აჯანყებები“.

სოჩამ და მისმა კოლეგებმა რვა მუმიფიცირებული ბავშვი შეისწავლეს, რომელთაგან შვიდი გოგონა იყო; ისინი 1920-იან და 1990-იან წლებშია აღმოჩენილი პერუში, არგენტინასა და ჩილეში. სიკვდილის დროს ისინი 6-დან 14 წლამდე ასაკის უნდა ყოფილიყვნენ. სოჩას განცხადებით, ზოგიერთი მათგანი ბასრი იარაღითაა მოკლული, ზოგი კი ცოცხლად დამარხული.

მკვლევრებმა ანალიზები ჩაუტარეს მუმიების თმის და ფრჩხილის ნიმუშებს, რათა განესაზღვრათ, რომელი ფსიქოაქტიური მცენარეები მისცეს ბავშვებს კაპაკოჩას რიტუალის დროს.

ტოქსიკოლოგიურმა ანალიზებმა მათი თმის ყველა ნიმუშში კოკაინი დააფიქსირა, ინდივიდთა ნახევარში კი ალკოჰოლისა და კოკას ფოთლების მარკერები. ფრჩხილის ერთ ნიმუშში ჯგუფმა ასევე დააფიქსირა ჰარმინი — ჰალუცინოგენური ნაერთი, რომელსაც საცერემონიო სასმელ აიაჰუსაკაში იყენებდნენ.

სოჩა და მისი კოლეგები ვარაუდობენ, რომ ჰასმინის ანტიდეპრესანტული თვისებები სავარაუდოდ გამოიყენებოდა ბავშვების დასამშვიდებლად და დადებითი განწყობის შესანარჩუნებლად.

როგორც ჩანს, თითოეული მსხვერპლშეწირვა უკავშირდებოდა უნიკალურ ქიმიურ კვალს, რომელიც ბავშვების თმასა და ფრჩხილებშია შემონახული. ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ თითოეულ ბავშვს სხვადასხვაგვარად ამზადებდნენ, ალბათ იმის მიხედვით, რომელ ღვთაებას სწირავდნენ მას მსხვერპლად.

„ჩვენ ვიწყებთ კაპაკოჩას გააზრებას არა უბრალოდ როგორც ერთჯერადი მსხვერპლშეწირვის აქტისას, არამედ როგორც რთული პროცესისა, რომელიც მოიცავს მასშტაბურ მომზადებას, ხანგრძლივ მოგზაურობებსა და სხვადასხვა რიტუალურ პრაქტიკას“, — ამბობს სოჩა.

კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.

მსგავსი