ვოლოდიმირ ზელენსკი – არჩევნების ჩატარება, როდესაც ჯარისკაცებს ხმის მიცემის უფლება არ აქვთ, უსამართლოა, შეგვიძლია, განვიხილოთ ონლაინ არჩევნები
შეგვიძლია, განვიხილოთ ონლაინ არჩევნები, ეს, შესაძლოა, შესაძლებელი იყოს, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა იპოვოს გამოსავალი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, შეუძლებელია, არჩევნები ჩატარდეს, თუ მასში ჯარისკაცები ვერ შეძლებენ მონაწილეობას.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ხმის მიცემის ორგანიზება იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის დამცველი მილიონობით ადამიანი სანგრებშია, ტექნიკურად შეუძლებელია.
„ჯარისკაცები არჩევნების ჩატარების წინააღმდეგნი არიან, რადგან მათ ხმის მიცემის შესაძლებლობა არ აქვთ. მილიონობით ადამიანი სანგრებშია და ტექნიკურად ჩვენ არ შეგვიძლია მათთვის ხმის მიცემის ორგანიზება. არჩევნების ჩატარება, როდესაც ჯარისკაცებს ხმის მიცემის უფლება არ აქვთ, უსამართლოა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობას იცავენ. ისინი საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ, რომ არჩევნები ჩატარდეს და თუ მათ ხმის მიცემის უფლება არ ექნებათ, ეს უსამართლობა იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.