პარიზში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი
პარიზში, ერის მოედანზე საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციელებს სხვადასხვა ნივთი ესროლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დააკავეს რამდენიმე აქტივისტი.
დაძაბულობა მანამდე აქციის მსვლელობისას ვოლტერის ბულვარზეც იყო. პოლიციის ინფორმაციით, ნიღბიანმა პირებმა კერძო საკუთრება დააზიანეს. სამართალდამცველების ჩარევის შედეგად საპროტესტო მსვლელობა რამდენჯერმე შეფერხდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების დროს დღეს სულ 448 ადამიანი დააკავეს. დაშავდა 53 სამართალდამცავი.
პარიზში გამართული დემონსტრაცია საყოველთაო გაფიცვის ნაწილი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით აქციებში დაახლოებით 600 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. პროფკავშირები კი მილიონ 600 ათას მონაწილეზე საუბრობენ.
მოქალაქეები ხელფასების ზრდას, ცხოვრების ხარჯების შემცირებასა და საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას მოითხოვენ. გაფიცვის გამო დაიხურა ეიფელის კოშკი, შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლაც.