ყოველდღიურად მოცვის ჭამამ ხანდაზმულებში დეპრესიის სიმპტომები შეამსუბუქა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ხილში მრავალი სიკეთეა თავმოყრილი. მეცნიერები აქტიურად იკვლევენ, რა სარგებელი მოაქვს ამ სიკეთეს ჩვენი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
პატარა საპილოტე კვლევაში, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მკვლევრებმა მიაგნეს მინიშნებებს, რომ ყოველდღიურად მოცვის მიღებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს დეპრესიის სიმპტომების შემსუბუქებას ხანდაზმულ, ნაკლებად აქტიურ ადამიანებში.
უკვე ცნობილია, რომ ეს ასაკობრივი ჯგუფი დეპრესიის მაღალი რისკის ქვეშაა; ამავე დროს, უმეტესწილად არ აქვთ მარტივი წვდომა მასთან ბრძოლის ზოგიერთ ბუნებრივ საშუალებასთან, მათ შორის ვარჯიშთან და სეირნობასთან.
ყოველდღიურად მოცვის ჭამა შეიძლება იყოს დეპრესიის თავიდან აცილების მარტივი და ჯანსაღი გზა.
მკვლევრებმა ნაშრომი Journal of Nutrition, Health and Aging-ში გამოაქვეყნეს. კვლევამ ასევე აჩვენა ნაწლავის ბაქტერიების საინტერესო ცვლილებები, რაც დამატებითი მოცვის მიღებამ გამოიწვია.
„ჩვენი მიზანი იყო წინასწარ განვსაზღვროთ მოცვის მოხმარების ეფექტი ნაწლავის მიკრობიომზე, მეტაბოლიტებსა და დეპრესიულ სიმპტომებზე“, — ამბობს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მოლეკულური ნუტრიციოლოგი კორტნი მილარი.
კვლევაში მონაწილეობდა 65 წელს ზემოთ ასაკის 18 ადამიანი, რომლებიც ან 48 გრამ მშრალად გაყინული მოცვის ფხვნილს ჭამდნენ დღეში, ან ამავე ოდენობის პლაცებოს.
სამი თვის შემდეგ, დეპრესიული სიმპტომები ორივე ჯგუფში გაუმჯობესდა. მოცვის ჯგუფს უფრო დიდი და თანმიმდევრული გაუმჯობესებები აღენიშნა, თუმცა განსხვავება სტატისტიკურ მნიშვნელოვანებას არ აღწევდა.
„მართალია, ფსიქიკური კეთილდღეობის მაჩვენებლების ცვლილებები ჯგუფებს შორის ერთმანეთისგან არ განსხვავდება, თუმცა, როგორც ჩანს, მოცვის ჯგუფში ეს ცვლილებები უფრო მნიშვნელოვან „გაუმჯობესებას“ წარმოადგენს და პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, ნაკლებ ცვალებადობას ავლენს. ეს საპილოტე კვლევა მიზნად ისახავდა ინტერვენციის შესაძლებლობის შემოწმებას და შედეგების შესახებ იმ წინასწარი მონაცემების შეგროვებას, რომლებიც საჭიროა უფრო მასშტაბური კვლევის სტატისტიკური სიმძლავრის განსაზღვრისთვის“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
ნაწლავის ბაქტერიის თვალსაზრისით, მოცვის მომხმარებელთა ორგანიზმში არსებულ ფერმენტებში (ცილებში, რომლებიც ქიმიურ რეაქციებს იწვევენ) გარკვეული მცირე ცვლილებები დაფიქსირდა.
შეიცვალა ბაქტერიული ფერმენტების გენების ექვსი ტიპის რაოდენობრივი მაჩვენებელი — ხუთის შემთხვევაში მაჩვენებელი გაიზარდა; მათ შორისაა გენი, რომელიც მონაწილეობს გამა-ამინობუტირის მჟავის (GABA) სინთეზში — ნეიროტრანსმიტერისა, რომელიც წინა კვლევების თანახმად, დეპრესიასთან არის დაკავშირებული.
უკვე კარგადაა ცნობილი, რომ მოცვში შემავალ უჯრედისსა და ანთოციანინებს (ლურჯ პიგმენტებს) შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ნაწლავურ მიკრობიომზე, ამიტომ გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელიც იყო; თუმცა, იმის ზუსტად დასადგენად, თუ რა ხდება, უფრო დეტალური ანალიზი იქნება საჭირო.
მკვლევრები ასევე აცნობიერებენ, რომ კვლევის ნიმუში შედარებით პატარაა და მონაწილეები დიდწილად თეთრკანიანი ქალები იყვნენ; ჰქონდათ მსუბუქი დეპრესიის სიმპტომები და არა დიაგნოზირებული დეპრესია.
მართალია, ამ შედეგებიდან რაიმე მასშტაბური დასკვნის გაკეთება არ შეგვიძლია, მაგრამ საფუძველს ქმნის უფრო ფართომასშტაბიანი კვლევებისთვის.
მკვლევრები აცხადებენ, რომ შემდგომმა კვლევებმა უფრო მრავალფეროვანი პოპულაციები უნდა მოიცვას და „ნიმუშის უფრო დიდი ზომა უნდა შეირჩეს პოტენციური დამაბნეველი ფაქტორებისა და საბაზისო განსხვავებების ეფექტის გათვალისწინებით“.
ის ფაქტი, რომ მოცვის ჯგუფსა და პლაცებოს ჯგუფს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ გამოვლენილა, შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ აქ საყურადღებო არაფერია; თუმცა, სიმპტომების უფრო გამოკვეთილი და სტაბილური გაუმჯობესება, ნაწლავის მიკრობიომში მომხდარ ცვლილებებთან ერთად, საფუძველს იძლევა შემდგომი კვლევების ჩასატარებლად.
ასევე ვიცით, რომ პლაცებოს ეფექტი არაერთ კვლევაში გამოვლინდა. შეიძლება ითქვას, რომ მოცვის ფხვნილის ყოველდღიური დოზის მიღების მხოლოდ ფიქრიც კი საკმარისი აღმოჩნდა პლაცებოს ჯგუფის მონაწილეთა განწყობის გასაუმჯობესებლად.
ტვინსა და ნაწლავებს შორის არსებობს რთული, ორმხრივი კავშირი, რომლის დადგენასაც მეცნიერები დღემდე ცდილობენ. უკვე არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იმისა, რომ ჩვენი კვების რაციონი გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე; ეს მცირე კვლევაც სწორედ ამ მოსაზრებას ამყარებს.
„ჩვენი მონაცემები წინასწარი ხასიათისაა და მოითხოვს დამატებით კვლევებს, რათა შევისწავლოთ კავშირი მოცვს, ნაწლავურ მიკრობიომსა და ხანდაზმულთა განწყობას შორის“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა The Journal of Nutrition, Health and Aging-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.