მიმდინარეობს მუშაობა ორ ვაქცინაზე, რომლებიც რევოლუციას გვპირდება აკნეს მკურნალობაში — #1tvმეცნიერება
მდგომარეობა ზედმეტად უსიამოვნოა. რაც უფრო მეტად გვაშფოთებს საკუთარი ვიზუალი, მით მეტად იფარება ჩვენი სახე დიდი წითელი ლაქებით. ბევრ მოზარდს მუწუკები დიდ ტანჯვას აყენებს და შესაძლოა, ზრდასრულ ასაკშიც არ გაუქრეს. თუმცა, ორი კომპანია ამჟამად მუშაობს ვაქცინაზე, რომელიც, როგორც ისინი იმედოვნებენ, რევოლუციას მოახდენს აკნეს მკურნალობაში. შესაძლოა, ამ ტანჯვის დასასრული მართლაც ახლოვდება.
ახალი მიდგომის მთავარი იდეა ისაა, რომ აკნე გამოწვეულია იმუნური სისტემის გადაჭარბებული რეაქციით კანის ბაქტერიების მიერ გამოყოფილი ცილებისადმი. ორგანიზმის სტიმულირებამ, რათა მან ამ ცილების საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოიმუშაოს, ეს პროცესი უნდა დაბლოკოს და აკნე თავიდან აგვაცილოს; ან სულ მცირე, უზრუნველყოს მისი შემცირება. ფრანგული ფარმაცევტული გიგანტი Sanofi ემზადება აშშ-სა და კანადაში mRNA ვაქცინის გამოსაცდელად, რომელიც მიზანში ამოიღებს სულ მცირე ერთ ბაქტერიულ ცილას. ამასობაში კი, ამერიკული სტარტაპი Armora Biosciences-ი ფოკუსირებულია სხვა ცილაზე.
აკნეს საწინააღმდეგო უკეთესი პრეპარატები ნამდვილად საჭიროა.
„აკნე იწვევს მნიშვნელოვან ემოციურ ტვირთს. ამან შეიძლება გამოიწვიოს დეპრესიის, სოციალური იზოლაციისა და სხვა ფსიქოლოგიური შედეგებიც“, — ამბობს Armora Biosciences-ის მკვლევარი ტომაშ ზასტვანი.
უკვე ათწლეულებია, ცნობილია, რომ აკნე დაკავშირებულია ბაქტერიასთან, სახელად Cutibacterium acnes, რომელიც კარგად ვითარდება თმის ფოლიკულების სიღრმეში, სადაც ჟანგბადი მწირადაა. თუმცა, C. acnes-ი კანის ყველაზე გავრცელებული ბაქტერიაა, რომელიც თითქმის ყველას აქვს — მათ შორის მათაც, ვისაც აკნე არ აწუხებს — ამიტომ, საქმე გაცილებით უფრო რთულადაა.
ერთი ფაქტორია ჰორმონების მოზღვავება სქესობრივი მომწიფების პერიოდში, რაც კანში ცხიმოვანი ნივთიერებების გამომუშავებას ზრდის და ეს თავის მხრივ გავლენას ახდენს ბაქტერიულ ზრდაზე. მოზარდობის დროს, მუწუკები ყველას არ უვითარდება; შესაბამისად, როგორც ჩანს, საქმეში ჩართულია გენეტიკური ფაქტორებიც.
„აკნე ძალიან რთული რამაა. ის ინფექცია არ არის. იმუნური პრობლემაა“, ამბობს სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი რიჩარდ გალო.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ C. acnes-ის არსებობა ყოველთვის არ იწვევს პრობლემებს, ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი იმუნური რეაქცია ფოლიკულში. ამ რეაქციის დროს, კანის ზოგიერთი უჯრედი სინამდვილეში ცხიმოვან უჯრედად გარდაიქმნება და განგაშის სიგნალებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებების გამოყოფას იწყებს — ამ პროცესს რეაქტიულ ადიპოგენეზს უწოდებენ.
„ეს ინფექციასთან ბრძოლის ნორმალური გზაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, რეაქცია შეუსაბამოა“, — ამბობს გალო.
რა იწვევს ამ რეაქციას? C. acnes-ს შეუძლია, გამოყოს ტოქსინი, სახელად კრისტი-ატკინს-მუნხ-პეტერსენის ფაქტორი, შემოკლებით CAMP-ი. გარკვეულ პირობებში ბაქტერიამ შესაძლოა გაზარდოს CAMP-ის გამომუშავება.
ამიტომ, გალოს ჯგუფმა თაგვებს CAMP-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარა, რათა წარმოქმნილიყო ამ ტოქსიკის გამანეიტრალებელი ანტისხეულები. მისი ჯგუფის მიერ ჩატარებული რამდენიმე კვლევა მიუთითებს, რომ ამან შეიძლება ხელი შეუწყოს აკნეს თავიდან აცილებას ან მკურნალობას.
Sanofi-მ შექმნა mRNA ვაქცინა, რომელიც მიზანში იღებს CAMP-ს და შეიძლება C. acnes-ს სხვა ცილებსაც. კომპანია ვაქცინის შესახებ ჯერ ბევრს არაფერს ასაჯაროებს.
მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდება ხმები, რომელთა თანახმადაც Sanofi-ს კლინიკური კვლევა უკვე მიმდინარეობს, 18 სექტემბრის ოფიციალური მონაცემებით, ცდა ჯერ არ დაწყებულა. შესაბამისად, გარკვეული პერიოდი მის შესახებ ვერაფერს გავიგებთ. წინასწარ ცდებში ძირითადად უსაფრთხოებას ამოწმებენ, მაგრამ მოხალისეებისთვის რამდენიმე კვირაში მაინც უნდა გახდეს ცნობილი, იმოქმედებს თუ არა ის მათ აკნეზე — ეს არ ჰგავს ვაქცინის ჩვეულებრივ გამოცდას, სადაც მკვლევრებს თვეები ან წლები უწევთ ლოდინი, ვიდრე ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში შეეყრებათ პათოგენები.
„ძალიან, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ის რევოლუციას მოახდენს აკნეს თერაპიაში. უბრალოდ, უნდა ვნახოთ, გამართლდება თუ არა ეს ადამიანთა პოპულაციაში“, — ამბობს გალო.
ამასობაში, კომპანია Armora მიზანში იღებს სხვა ცილას, სახელად ჰიალურონიდაზას, იმ კვლევებზე დაყრდნობით, რომლებიც სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჯორჯ ლიუმ ჩაატარა. ჰიალურონიდაზა არის ფერმენტი, რომელიც ჰიალურონის მჟავას შლის — დიდ შაქარს, რომელიც უჯრედებს შორის სივრცეში გამოიყოფა. ეს სახელი შესაძლოა გეცნობათ, რადგან ჰიალურონის მჟავა ხშირად გამოიყენება კოსმეტიკური მიზნებისთვის — როგორც შემავსებელი (ფილერი), ხოლო ჰიალურონიდაზა შეჰყავთ იმ ფილერის დასაშლელად, რომელიც აღარ არის საჭირო, ან იმ შემთხვევაში, თუ რაიმე გართულება წარმოიქმნება.
ზოგიერთი ბაქტერია, მაგალითად Streptococcus agalactiae ჰიალურონიდაზას ამავე მიზნით გამოიმუშავებს, რათა მას ქსოვილში შეჭრაში დაეხმაროს. როგორც ირკვევა, არსებობს ჰიალურონიდაზას ორი ძირითადი ტიპი. ერთი ჰიალურონის მჟავას მარტივ შაქრებად შლის, მეორე კი დიდ ნაჭრებად, რომელიც იმუნური სისტემისთვის განგაშის სიგნალის როლს ასრულებს.
როცა აშკარა გახდა, რომ არსებობდა მისი ორი ტიპი, ლიუს ჯგუფმა გენეტიკურ მონაცემთა ბაზაში მოძებნა, რომელ ბაქტერიაში რომელი ტიპი გვხვდება. დაადგინეს, რომ ყველაზე გავრცელებული იყო „მარტივი შაქრების“ ტიპი. „დიდი ნაჭრების“ ტიპი მხოლოდ რამდენიმე თავისუფლად ბინადარ ბაქტერიაში გვხვდებოდა, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ისინი იმუნური სისტემისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
ლიუს განცხადებით, გამონაკლისი იყო აკნე. მკვლევრების ყურადღება მიიპყრო C. acnes-მა, რადგან ის ჰიალურონიდაზას ორივე ტიპს გამოიმუშავებს. უფრო ზუსტად, C. acnes-ს ზოგიერთი შტამები წარმოქმნიან მარტივი შაქრების ტიპს, სხვები კი დიდი ნაჭრების ტიპს; არც ერთი მათგანი არ წარმოქმნის ორივეს.
ამან ლიუ დააფიქრა, ხომ არ იყო ეს აკნესთან დაკავშირებული. მართლაც, თაგვებზე ჩატარებულ კვლევებში ჯგუფმა აჩვენა, რომ C. acnes-ის ის შტამები, რომლებიც „დიდ ნაჭრებს“ (დიდ მოლეკულურ ფრაგმენტებს) გამოიმუშავებენ, აკნესთან დაკავშირებულ ანთებას იწვევენ, ხოლო ის შტამები, რომლებიც მარტივ შაქრებს უკავშირდებიან, ანთებას ოდნავ ამცირებენ. ამის შემდეგ ჯგუფმა აჩვენა, რომ ვაქცინამ, რომელიც ასტიმულირებს მხოლოდ ჰიალურონიდაზის „დიდნაჭრიანი“ ფორმების საწინააღმდეგო ანტისხეულთა წარმოქმნას, თაგვებში შეიძლება აკნე შეამციროს, ისევე, როგორც ეს შესაძლებელია მცირე ცილით ფერმენტის დაბლოკვით.
ჯერ უცნობია, რატომ ჩამოუყალიბდა C. acnes-ს ზოგიერთ შტამს იმუნური რეაქციის გამოწვევის უნარი. ერთ-ერთი შესაძლებლობის თანახმად, ამ გზით ისინი თავიანთ კონკურენტებს ხოცავენ.
ლიუ ფიქრობს, რომ ადამიანებში ჰიალურონიდაზის დიდნაჭრიანი ფორმის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველაზე ეფექტიანი იქნება „აკნეს უფრო მძიმე, წითელი, მწვავე სახის დაზიანებათა“ წინააღმდეგ.
„ვაქცინის მეშვეობით ვიმუშავებთ ისეთ შემთხვევებზე, რომელთა მკურნალობაც ამჟამად რთულია“, — ამბობს ლიუ.
მისმა აღმოჩენებმა ასევე შეიძლება ახსნას, რატომ ვერ მუშაობს კარგად ანტიბიოტიკები, რომლებსაც აკნეს დროს ნიშნავენ — ისინი C. acnes-ს სასარგებლო შტამებსაც ხოცავენ და საზიანოებსაც. ანტიბიოტიკების კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ შეიძლება განვითარდეს მათადმი რეზისტენტულობა.
აკნეს სამკურნალო კიდევ ერთი პრეპარატი, სახელად იზოტრეტინოინი (Roaccutane) ანტიბიოტიკებზე მეტად ეფექტიანია, მაგრამ აქვს არასასიამოვნო გვერდითი ეფექტების გრძელი სია, მათ შორის, იწვევს იწვევს თანდაყოლილ დეფექტებს, იმპოტენციასა, კანის სიმშრალესა და ქავილს. უცნობია, როგორ მუშაობს ის, მაგრამ არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ ცვლის კანის მიკრობიომს.
აკნეს საწინააღმდეგო ვაქცინები ყველა ამ პრობლემის გადაჭრას გვპირდება. მათ არ უნდა ჰქონდეთ რაიმე ხანგრძლივი გვერდითი ეფექტი და არც რეზისტენტობასთან დაკავშირებული პრობლემები უნდა შეიქმნას, რადგან ვაქცინები მიმართულია არა უშუალოდ ბაქტერიების, არამედ მათ მიერ გამოყოფილ ცილების წინააღმდეგ.
ის ფაქტი, რომ მუშაობა მიმდინარეობს ორ კონკურენტ მიდგომაზე, შესანიშნავი ამბავია აკნეს მქონეთათვის. თუ ერთმა ვაქცინამ არ იმუშავა, შეიძლება იმუშაოს მეორემ. შესაძლებელია ისიც, რომ ორივემ ცალ-ცალკე იმუშაოს და ისიც, რომ ერთობლივად, კომბინირებით, კიდევ უფრო უკეთესი შედეგი მოგვცენ.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.