სომხური მედია – ნიკოლ ფაშინიანმა სარკასტულად იხუმრა, რომ ოპოზიციის წარმატების შანსები მკვეთრად გაიზრდება, თუ სრულიად სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II მათ რიგებს შეუერთდება

01:52, 06.11.2026

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სარკასტულად იხუმრა, რომ ოპოზიციის წარმატების შანსები მკვეთრად გაიზრდება, თუ სრულიად სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II მათ რიგებს შეუერთდება და ასეთმა ნაბიჯმა რამდენიმე საათში შეიძლება რევოლუცია და სომხეთში ხელისუფლების შეცვლა გამოიწვიოს, – ამის შესახებ სომხური მედია წერს.

მათივე ცნობით, ფაშინიანმა ეს განცხადება 5 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე, პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც კომენტარი გააკეთა სომხეთის ოპოზიციური ძალების მიერ წინა დღეს გამართულ შეხვედრაზე და მათ მიერ მიღებულ განცხადებაზე.

„უბრალოდ შეხედეთ ოპოზიციის შემადგენლობას. სხვათა შორის, ვიტყვი, რომ არსებობს ერთი ელემენტი, რომელიც, ჩემი აზრით, გაზრდის ოპოზიციური ფორმატის რამდენჯერმე წარმატების შანსებს. ვფიქრობ, ამ შეკრებას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი აკლდა – კტრიჩ ნერსისიანი (გარეგინ II-ის საერო სახელი). მისი იქ ყოფნის შემთხვევაში, სურათი სრული იქნებოდა და მე მჯერა, რომ ამ ფორმატში შეიძლებოდა რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლა სომხეთში სულ რამდენიმე დღეში. თუმცა, ახლაც არ არის გვიან: მაგალითად, თუ ისინი დღეს საღამოს ამ ფორმატით შეიკრიბებიან, ვფიქრობ, კვირა საღამოსთვის რევოლუცია უკვე იქნება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, ნიკოლ ფაშინიანი სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ს ხშირად აკრიტიკებს. მან კათალიკოსს გადადგომისკენ არაერთხელ მოუწოდა. ამასთან, მიმდინარე წლის თებერვალში სომხეთის პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

მსგავსი