მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ ემანუელ მაკრონის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს
საფრანგეთის მემარცხენე ოპოზიციურმა პარტიამ, „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თანამდებობიდან გადასაყენებლად იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.
ამის შესახებ განცხადება პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა, მატილდა პანომ გააკეთა.
„დღეს პარლამენტის წევრებს გაეგზავნათ რესპუბლიკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების რეზოლუციის პროექტი, კონსტიტუციის 68-ე მუხლის შესაბამისად, ერთობლივი ხელმოწერისთვის“, – წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელ X-ში.
მიუხედავად იმისა, რომ „დაუმორჩილებელ საფრანგეთს“ 72 მანდატით შეუძლია, დამოუკიდებლად შეიტანოს იმპიჩმენტის წინადადება, ინიციატივის განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატის) ბიურო იღებს. პროცედურულად, ამის შემდეგ რეზოლუციის ტექსტი უნდა დაამტკიცოს საკანონმდებლო კომისიამ, რის შემდეგაც ორი კვირის განმავლობაში მას მხარი უნდა დაუჭიროს ეროვნული ასამბლეის ორმა მესამედმა. ანალოგიური პროცედურის გავლა აუცილებელია საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატაში – სენატში, სადაც მემარცხენეებს უმრავლესობა არ ჰყავთ.
მანამდე ჟან-ლუკ მელანშონის მიერ დაარსებულ მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელ საფრანგეთში“ განაცხადეს, რომ უნდობლობის ვოტუმს ნებისმიერ მთავრობას გამოუცხადებენ, რომელსაც არ უხელმძღვანელებს ლუსი კასტე, რომლის კანდიდატურაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარყო.
მაკრონმა მემარცხენე პარტიების კოალიციის, „ახალი სახალხო ფრონტის“ ახალი მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა გამორიცხა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კოალიციამ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მაკრონმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება „ინსტიტუციური სტაბილურობის“ ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.
ამის შემდეგ „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ გამოაცხადა, რომ 7 სექტემბერს მაკრონის მიერ „ხელისუფლების უზურპაციის“ წინააღმდეგ დემონსტრაციას გამართავს.
ცნობისთვის, საფრანგეთში გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენეთა ბლოკმა ხმების უმრავლესობა მოიპოვა, მაკრონის საპრეზიდენტო კოალიცია „ერთად რესპუბლიკისთვის“ მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო მემარჯვენე პარტია „ნაციონალური გაერთიანება“, რესპუბლიკელების პარტიის მოკავშირეებთან ერთად, პარლამენტში მესამე ძალა გახდა. არჩევნების შედეგად, არცერთ პოლიტიკურ ძალას მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი მანდატი არ აქვს.