საფრანგეთის ლტოლვილთა ერთ-ერთ ცენტრში საქართველოს მოქალაქემ პირი ამოიკერა
საფრანგეთის ქალაქ რენში ლტოლვილთა დროებითი განთავსების ცენტრში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ პირი ამოიკერა. როგორც ფრანგული მედია იუწყება, 45 წლის თავშესაფრის მაძიებელი პირი ამ ფორმით თანამშრომელთა მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას და გულგრილობას აპროტესტებს.
როგორც საქართველოს მოქალაქე ამტკიცებს, მას მძიმე ინფექციური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ცენტრში მისი მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და სამედიცინო პუნქტში გადაყვანაზე უარს ამბობენ. საქართველოს მოქალაქის თქმით, მას დაავადება 21 ივლისს, დაკავებისთანავე, აღმოაჩნდა.
ლტოლვილის მეგობრები ამბობენ, რომ მათ ცენტრის თანამშრომლების გარდა, სხვა უწყებებთანაც სცადეს დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ.
როგორც თავშესაფრის მაძიებელი ფრანგულ მედიასთან საუბარში აცხადებს, მას ერთი ოპერაცია საფრანგეთში გაუკეთეს, თუმცა მისი მდგომაროება გაუარესდა.
„არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ჩემი მკურნალობა საქართველოში, თუმცა ასეც რომ იყოს, ეს ძალიან ძვირი დაჯდება და გადახდას ვერ შევძლებ“, – აცხადებს საქართველოს მოქალაქე.
რენის თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრში, გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარისგან თავს იკავებენ. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული ცენტრში მყოფი პირები არაადამიანურ მოპყრობას აპროტესტებენ. 37 წლის ტუნისელი 45 დღიანი შიმშილობის შემდეგ ცენტრიდან 28 ივლისს გაათავისუფლეს. კანონის თანახმად, მას დეპორტაცია ემუქრება.