საფრანგეთმა მოქალაქეობა მიანიჭა 12 000-ზე მეტ ადამიანს, რომლებმაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილი შეიტანეს
საფრანგეთის ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით მოქალაქეობა მიანიჭა 12 000-ზე მეტ ადამიანს, რომელთა სამუშაო „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს მათ რისკის წინაშე აყენებდა.
„მოწინავე ხაზის მუშაკები ქვეყნის მოწოდებას გამოეხმაურნენ, ასე რომ, სწორი იქნება, ახლა ქვეყანამ გადადგას მათკენ ნაბიჯი. მათი დახმარებით, ქვეყანამ პანდემიას გაუძლო. მივესალმები ჩვენს ახალ თანამემამულეებს საფრანგეთის მოქალაქეობით და მათ რესპუბლიკის სახელით მადლობას ვუხდი“, – განაცხადა საფრანგეთის მოქალაქეობის მინისტრმა მარლენ სკიაპამ.
2020 წლის სექტემბერში საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთში მცხოვრებ პირებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, შესთავაზა, შეიტანონ განაცხადი დაჩქარებულ ნატურალიზაციაზე. მოქალაქეობის მინისტრის მონაცემებით, განაცხადი 16 381 პირმა შეიტანა, საიდანაც 12 012 დამტკიცდა. იმ მიგრანტებს შორის, რომლებმაც საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღეს, არიან ჯანდაცვის უსაფრთხოების, დასუფთავების სფეროს თანამშრომლები, ასევე სასიცოცხლო სექტორებში დასაქმებული მოქალაქეების შვილების ძიძები და ოჯახების დამხმარეები.