საფრანგეთის ხელისუფლება ფლორენციელი ოსტატის, ჩიმაბუეს ერთ-ერთ ოჯახში ნაპოვნ ნახატს 24 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საფრანგეთის ხელისუფლება ფლორენციელი ოსტატის, ჩიმაბუეს ერთ-ერთ ოჯახში ნაპოვნ ნახატს 24 მილიონ ევროდ გამოისყიდის

საფრანგეთის ხელისუფლება ცნობილი ფლორენციელი ოსტატის, ჩიმაბუეს ერთ-ერთ ოჯახში ნაპოვნ ტილოს 24 მილიონ ევროდ შეისყიდის. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული ბიურო საფრანგეთის კულტურის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ცოტა ხნის წინ აუქციონზე გაყიდული ტილოს ქვეყნიდან გატანა 30 თვით აკრძალეს. ამ ხნის განმავლობაში კი, საფრანგეთის ხელისუფლება ხელოვნების ნიმუშის შესყიდვისთვის საჭირო თანხას მოაგროვებს.

ფლორენციელ ფერმწერ ჩიმაბუეს ნამუშევარი „ქრისტეს დაცინვა“ რამდენიმე თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კომპიეში მცხოვრები ქალის სახლის სამზარეულოში შემთხვევით იპოვეს.

ხელოვნების ნიმუში პროტორენესანსის პერიოდში, სავარაუდოდ 1280-იან წლებში შეიქმნა. მეცამეტე საუკუნის ნამუშევარი საფრანგეთის მცხოვრების სამზარეულოში გაზქურის კედელს ამშვენებდა. ტილოს ფასეულობის დადგენის შემდეგ, ტილო აუქციონზე 24-მილიონ ევროდ გაყიდეს. საფრანგეთის ხელისუფლებამ კი, ნამუშევრის გამოსყიდვა გადაწყვიტა.

ქვეყნის კულტურის სამინისტრო სამზარეულოში აღმოჩენილ ნამუშევარს ადგილს ლუვრის მუზეუმში, ჩიმაბუეს სხვა ნამუშევრებთან მიუჩენს.