საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანამ კორონავირუსის პანდემიის ყველაზე ცუდი ნაწილი უკან მოიტოვა, მაგრამ ადამიანები ფხიზლად უნდა იყვნენ
საფრანგეთმა კორონავირუსის პანდემიის ყველაზე ცუდი ნაწილი უკან მოიტოვა, მაგრამ ადამიანები ფხიზლად უნდა იყვნენ, რადგან ვირუსი კვლავ ცირკულირებს, – ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ეპიდემიის დიდი ნაწილი უკან არის, მაგრამ ვირუსი არ მომკვდარა. ჩვენ ის სრულად არ დაგვიმარცხებია, ვაკონტროლებთ ცირკულაციას. ვაგრძელებთ ტესტირებას“, – განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში „კოვიდ-19“-ით ცხრა ადამიანი გარდაიცვალა. უკვე მეხუთე დღეა, ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 30-ზე დაბალია.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთში, „კოვიდ-19“-ის 194 153 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 29 410 ადამიანი.