საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი - კანდიდატი და ევროპული პერსპექტივის მქონე ყველა ქვეყანა მნიშვნელოვანია ჩვენი გეოპოლიტიკური სტაბილურობისა და სიძლიერისთვის
ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყანა და ევროპული პერსპექტივის მქონე ყველა ქვეყანა მნიშვნელოვანია ჩვენი გეოპოლიტიკური სტაბილურობისა და სიძლიერისთვის, – ამის შესახებ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, ლორენს ბუნიმ ბერლინში, ევროკავშირის გაფართოების საკითხზე კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისიის შეფასებას წინ ვერ გაუსწრებს.
„გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ყველა კანდიდატი ქვეყანა და ევროპული პერსპექტივის მქონე ყველა ქვეყანა მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, წინ ვერ გავუსწრებ იმას, რას იტყვის ევროკომისია მომავალ კვირაში და ევროპული საბჭო – დეკემბერში, თუმცა თითოეული ეს ქვეყანა მნიშვნელოვანია ჩვენი გეოპოლიტიკური სტაბილურობისა და სიძლიერისთვის“, – განაცხადა ლორენს ბუნიმ.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდა საქართველოს პროგრესს, ლორენს ბუნიმ აღნიშნა: „ველოდებით ევროკომისიის ანგარიშს მომავალ კვირაში, თუმცა მე ვხვდები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს“.