საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მდივანი - საფრანგეთი მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია, ყოველდღიურად ვხედავთ, რამდენად დიდია ამის სურვილი ქართველი ხალხის მხრიდან
ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირში გასაწევრიანებლად, – ამის შესახებ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, ლოურენს ბუნმა სტოკჰოლმში, არაფორმალური შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, რომელზეც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის მოხსენებას მოისმენენ.
ლოურენს ბუნმა სტოკჰოლმში, ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომელზეც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიშს მოისმენენ.
მისივე თქმით, საფრანგეთი მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია.
„ვფიქრობ, არაფორმალურ შეხვედრაზე კომისიის ანგარიშის მოსმენამდე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ მოვუსმენთ მათ. ეს არაფორმალური შეხვედრაა და ამ შეხვედრის მიზანს ამ ქვეყნების დახმარება წარმოადგენს ფორმალური ანგარიშის წარდგენამდე, რომელიც ოქტომბერში მოხდება. საფრანგეთი ძალიან მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია და ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, თუ რამდენად დიდია ამის სურვილი ქართველი ხალხის მხრიდან. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირში გასაწევრიანებლად. დღეის მდგომარეობით, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ იმდენად მზად ვართ, მივიღოთ საქართველო, რამდენადაც საქართველო დაეხმარება საკუთარ თავს, გააკეთოს ყველაფერი“, – განაცხადა ლოურენს ბუნმა .
მისივე თქმით, თუ რეკომენდაციები პოზიტიური იქნება, მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
„მაგრამ ჯერ უნდა ვნახოთ რეკომენდაციები. ასევე, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია დახმარება რეფორმების განხორციელებაში, ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა. ასევე, საჭიროა, რომ მთავრობამ გააკეთოს მტკიცე განცხადებები ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ლოურენს ბუნმა.
კითხვაზე, სჭირდება თუ არა რეფორმები თავად ევროკავშირსაც, ლოურენს ბუნმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი.
„სრულად ვეთანხმები ამას. 27 პლუს ათი თუ რვა, ეს იქნება დიდი შოკი ევროკავშირისთვის. ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომ ევროკავშირი იყოს მორგებული ამაზე. ჩემს გერმანელ კოლეგასთან ერთად, ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი იმის გასაანალიზებლად, თუ რა ტიპის რეფორმებია საჭირო და ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავაკავშიროთ ევროკავშირის რეფორმები, როდესაც პარალელურად ეს ქვეყნები განახორციელებენ თავიანთ რეფორმებს“, – განაცხადა ლოურენს ბუნმა.