საფრანგეთის ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, მიშელ ბარნიემ თანამდებობა ოფიციალურად გადაიბარა და საზოგადოებას პირველად მიმართა
საფრანგეთის ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, მიშელ ბარნიემ თანამდებობა ოფიციალურად გადაიბარა და საზოგადოებას პირველად მიმართა.
მიშელ ბარნიეს განცხადებით, მას სურს, უპასუხოს იმ გამოწვევებსა და უსამართლობას, რომელსაც ფრანგები განიცდიან.
„ჩვენ რთულ მომენტში ვიმყოფებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ახალი ფურცელი, ეს პერიოდი სასარგებლო იყოს ფრანგებისა და საფრანგეთისთვის“, – განაცხადა მიშელ ბარნიემ.
საფრანგეთის ახალმა პრემიერმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ, რამდენიმე კვირაში პარლამენტის წინაშე წარადგენს ახალი მთავრობის საკანონმდებლო პრიორიტეტებსა და წინადადებებს.
„ახლა პრემიერისგან ელოდებიან, რომ ის სიმართლეს იტყვის, თუნდაც რთული იყოს. ჩვენ უპირველესად უნდა ვიმოქმედოთ და არა ვილაპარაკოთ, რათა ვიპოვოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც იმუშავებს“, – განაცხადა ბარნიემ.
როგორც მიშელ ბარნიემ განმარტა, სამომავლოდ საჭირო იქნება „ბევრი ყურადღება და ბევრი პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, მთავრობასა და პარლამენტს შორის“, ასევე პოლიტიკური ცხოვრების ყველა მონაწილეს შორის.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად 73 წლის მიშელ ბარნიე დაასახელა. ის 2016-2021 წლებში „ბრექსიტის“ მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელი იყო.
ახალი პრემიერ-მინისტრის დასახლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიდან ორი თვის თავზე მოხდა, რომლის შედეგადაც ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო უმრავლესობის მოპოვება.
ივლისში ჩატარებული არჩევნების შედეგად მემარცხენე ალიანსმა, „ახალმა სახალხო ფრონტმა“ 577-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში 190 ადგილი აიღო. მეორე ადგილზე მაკრონის ცენტრისტული ალიანსი გავიდა 160 ადგილით, მემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“, მარინ ლე პენის ხელმძღვანელობით კი, 140 მანდატით მესამე ადგილი დაიკავა.