საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მზად არის, ქვეყნის საპენსიო რეფორმაში გარკვეული ცვლილებების შესატანად დებატები დაიწყოს
საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მიშელ ბარნიე მზად არის, ემანუელ მაკრონის მიერ მიღებულ საპენსიო რეფორმაში გარკვეული ცვლილებების შესატანად დებატები დაიწყოს.
ამის შესახებ მიშელ ბარნიემ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მემარცხენე ბლოკი „ახალი სახალხო ფრონტი“, ასევე მემარჯვენე პოპულისტური „ნაციონალური გაერთიანება“ საპენსიო ასაკის კვლავ 62 წლამდე დაწევას მოითხოვს, რეფორმით გათვალისწინებული 64 წლის ნაცვლად.
თავად ბარნიე 2021 წელს საპენსიო ასაკის 65 წლამდე გაზრდის იდეას მხარს უჭერდა, თუმცა ინტერვიუში არ დაუკონკრეტებია, მზად არის თუ არა საპენსიო ასაკის სრულად გადახედვის განხილვისთვის.
„მე ჩემს პოზიციას ამ ძალიან რთულ საკითხზე ეროვნულ ასამბლეასა და სენატში მომდევნო კვირებში გამოვხატავ. ყველაფრის გადახედვაზე არ არის საუბარი. ეს კანონი ძალიან რთულ პირობებში მიიღეს“,- აღნიშნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, სურს გარკვეული ცვლილებების შესახებ დებატების დაწყება, რომ უკეთ დაიცვას ყველაზე მოწყვლადი კატეგორიები და მოუსმინოს ყველა დაინტერესებული მხარის პოზიციას.
ამავდროულად, ბარნიემ ხაზი გაუსვა, რომ შეუძლებელია, დისკუსიაში ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა არ იყოს გათვალისწინებული.
გარდა ამისა, საფრანგეთის ახალმა პრემიერმა პირობა დადო, რომ მიგრაციის საკითხი მისთვის პრიორიტეტი იქნება.