საფრანგეთი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დარიგების დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს
საფრანგეთი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დარიგების დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.
„ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას და უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება, რათა გავარკვიოთ რა მოხდა. საფრანგეთი ყველაფერს სახელს არქმევს. ჩვენ ვთქვით, რომ „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაციაა, მაგრამ ჩვენ ასევე სახელი უნდა დავარქვათ იმ სისასტიკეს, რაც ღაზაში ხდება“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნმა.
სეჟურნის თქმით, საფრანგეთისთვის ორმაგი სტანდარტები მიუღებელია.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუ დადგინდება, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული იერიში სამხედრო დანაშაული იყო, მაშინ ამ საქმით სასამართლო უნდა დაინტერესდეს.
მედიის ცნობით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 800-მდე დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, პალესტინელები ჰუმანიტარული პროდუქტებით სავსე სატვირთოებს ელოდებოდნენ. მათი ქაოსი ისრაელის შეიარაღებულ ძალებში საფრთხედ აღიქვეს და პალესტინელების მისამართით ცეცხლი გახსნეს.