საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი აშშ-ის მიერ ბირთვული შეთანხმების დატოვების გამო წუხილს გამოთქვამენ
საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი წუხილს გამოთქვამენ აშშ-ის მიერ ბირთვული შეთანხმების დატოვების გამო – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მაკრონმა სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა, რომ ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმი რისკის ქვეშ არის.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.
მისი განცხადებით, ირანის შეთანხმებაზე და ვაჭრობაზე ტრამპის პოლიტიკა გაერთიანებულ ევროპულ მიდგომას შეხვდება. ტუსკის თქმით, ევროკავშირი ორივე საკითხს მომდევნო კვირაში, სოფიაში დაგეგმილ სამიტზე გადაწყვეტს.
აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლაზე სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამაც, რომელიც თეთრი სახლის ამჟამინდელი ლიდერის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა.
ობამა ამბობს, რომ აშშ-ის უსაფრთხოებისთვის ბირთვული იარაღის გავრცელება და ახლო აღმოსავლეთში პოტენციური ახალი დამანგრეველი ომი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია.
ბარაკ ობამას განცხადებით, ბირთვული შეთანხმების რისკის ქვეშ დაყენება სერიოზული შეცდომაა.
აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმებიდან ცალმხრივი გასვლა არასტაბილურობისა და ახალი კონფლიქტების მიზეზი გახდება.
შეგახსენებთ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აშშ-ი ირანის ბირთვულ შეთანხმებას ტოვებს.