საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდებს გმობენ
საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებულ სარაკეტო ცდებს გმობენ. ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ორგანიზაციაში გერმანიის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა.
სამი ევროპული ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები უნდა გახანგრძლივდეს მანამ, სანამ ფხენიანი ბირთვულ და სარაკეტო ცდებს ატარებს. აქვე აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეამ შეუქცევადი განიარაღებისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, ჩრდილოეთ კორეის რაკეტის ბოლო ცდასთან დაკავშირებით, სწორედ აღნიშნული ევროპული სახელმწიფოების თხოვნით გაიმართა. დიპლომატები ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.
ჩრდილოეთ კორეამ უკანასკნელი სარაკეტო ცდა 24 აგვისტოს ჩაატარა. მცირე რადიუსზე მოქმედმა ბალისტიკურმა რაკეტებმა იაპონიის ზღვის მიმართულებით იფრინეს.