საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანების განულების ინიციატივის განხორციელება ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით მოხერხდა. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა.
„მინდა, გაგაცნოთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მძიმე ტვირთს მოუხნსნის ასობით ათას ოჯახს. ყველანი ვთანხმდებით, რომ ჭარბვალიანობის დაძლევის გარეშე სიღარიბის დამარცხება წარმოუდგენელია. ამის ნათელი დასტურია, UNICEF-ის ბოლო კვლევაც, რომელმაც პირდაპირ მიუთითა ჭარბვალიანობასა და სიღარიბეს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე და ცხადყო, რომ ჭარბვალიანობის ტვირთი იმდენად მძიმეა ბევრი ქართველი ოჯახისთვის, რომ უარყოფით ასახვას ჰპოვებს, მათ შორის ბავშვების და მოზარდების განვითარებაზე. ეს პრობლემა წლების განმავლობაში ბორკილებად ედო ჩვენს საზოგადოებას. დღეს თითქმის 700 000 მოქალაქე იმყოფება ე.წ. შავ სიაში, რის გამოც პრაქტიკულად მოკლებულია სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ამ გამოწვევაზე პოლიტიკაში მობრუნებისთანავე გაამახვილა ყურადღება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაც.
„ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში და ახალი მთავრობის დამტკიცების დროსაც საქართველოს პარლამენტში და შემდეგ უკვე მთავრობის სხდომაზე დავდე პირობა, რომ წლის ბოლომდე გადავდგამდით პრინციპულ ნაბიჯებს ე.წ. შავი სიის პრობლემის მოსაგვარებლად.
მინდა, გითხრათ, რომ მიმდინარეობდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები და მოხარული ვარ, რომ როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა მათ შორის ე.წ. სესხების ამომღებმა ბიუროებმა გაიზიარეს ჩვენი პრინციპული პოზიცია გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს ასობით ათას ოჯახს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, რომ არა „ქართუს“ მხარდაჭერა, ინიციატივა ვერ განხორციელდებოდა.
„მადლობა ფონდ „ქართუს“. რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა. მინდა, განვუმარტო საზოგადოებას – ე.წ. შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95 პროცენტი შედგება სესხებიდან, რომლის ძირი თანხა არ აღემატება 2000 ლარს. საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდ ნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს დავალიანება უნულდება ჩვენს მოქალაქეებს. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედიან სოციალურ დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქეები“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოვალეთა რეესტრის ბაზებზე მუშაობა.
ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბრამდე დასრულდება.