საერთაშორისო სავალუტო ფონდი - საქართველოში სავალუტო რეზერვები დაბალ ნიშნულზეა
საქართველოში სავალუტო რეზერვები ე.წ. ადეკვატურობის მინიმალურ დონესთან შედარებით დაბალ ნიშნულზეა, – ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები. ამასთან, ამ კუთხით 2017 წლის მაჩვენებელი 2014-2016 წლების საშუალო ნიშნულთან შედარებით გაუარესებულია. სავალუტო ფონდის დადგენილ მინიმალურ სტანდარტს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ პასუხობს.
ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და 3 მილიარდ 152 მილიონ დოლარს შეადგენს. თუმცა, ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებას აგრძელებს და ეს, სავარაუდოდ, სწორედ სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს უკავშირდება.
2017-2018 წლებში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე 242 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.