საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2026-2032 წლების ოლიმპიური თამაშების გაშუქების ნებართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირსა და „უორნერ ბრაზერს დისქავერის“ მისცა
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2026-2032 წლების ოლიმპიური თამაშების გაშუქების ნებართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირსა და „უორნერ ბრაზერს დისქავერის“ მისცა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2026-2032 წლების ოლიმპიური თამაშების გაშუქების ნებართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირსა და „უორნერ ბრაზერს დისქავერის“ მისცა.

აღნიშნულმა ორგანიზაციებმა ტენდერში მონაწილეობისთვის ერთობლივი განაცხადი წარადგინეს და ევროპის 49 ტერიტორიაზე თამაშების გაშუქების უფლება მოიპოვეს.

შედეგად, ევროპის მაუწყებელთა კავშირი და „უორნერ ბრაზერს დისქავერი“ ტრანსლაციას გაუწევენ 2026 წლის ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებს მილანიდან და კორტინადან, 2028 წლის 34-ე ოლიმპიურ თამაშებს – ლოს ანჯელესიდან, 2030 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს და 2032 წლის 35-ე ოლიმპიურ თამაშებს – ბრისბანიდან, ისევე, როგორც ახალგაზრდულ ოლიმპიადებს ამავე წლებში.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ტომას ბახის თქმით, მოხარულები არიან, რომ მიაღწიეს ხანგრძლივ შეთანხმებას მსოფლიოს წამყვანი მედიაკომპანიების ორ წარმომადგენელთან.

„ევროპის მაუწყებელთა კავშირი და მისი წევრები უზრუნველყოფენ შეუდარებელ სამაუწყებლო გამოცდილებას და წვდომას ევროპის მასშტაბით, ხოლო Warner Bros. Discovery, Warner Media-სა და Discovery-ის ბოლოდროინდელი კომბინაციით, წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედია და გასართობ კომპანიას პროგრამირების ყველა ჟანრსა და პლატფორმაზე“, – განაცხადა ტომას ბახმა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველი პარტნიორობა ევროპის მაუწყებელთა კავშირთან და მის წევრებთან 1956 წლით თარიღდება. 2015 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ითანამშრომლა Warner Bros. Discovery-თან ევროპის მასშტაბით 2018-2024 ოლიმპიური თამაშებისთვის.