საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რუსეთის წარმომადგენლებს აფრთხილებს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი რუსეთის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ ნებისმიერი მცდელობა, გავლენა მოახდინონ სოკ-ის გადაწყვეტილებაზე, უშედეგოდ დასრულდება.
საუბარია 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის მონაწილეობაზე, რომლის შესახებაც სოკ-მა გადაწყვეტილება დენის ოსვალდის კომისიის საბოლოო დასკვნის შემდეგ უნდა მიიღოს. როგორც ცნობილია, სოკ-ის ხსენებული კომისია შარშან გამოქვეყნებულ რიჩარდ მაკლარენის სკანდალურ ანტიდოპინგურ ანგარიშს სწავლობს.
თომას ბახმა საჯარო განცხადება ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე დღეს გააჟღერა.
სოკ-ის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად ვისი მხრიდან შეიძლება განხორციელდეს ზეწოლა.
2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით სოკ-ი საბოლოო გადაწყვეტილებას 5 დეკემბერს დანიშნულ აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე მიიღებს.
დენის ოსვალდის კომისიის მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, უკვე 14 რუსი სპორტსმენი დაისაჯა ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის – ექვსი მოთხილამურე, ოთხი სკელეტონისტი, ორი მოციგურავე და ორი ბობსლეისტი. მათ სოკ-მა ჩამოართვა სოჭში მოპოვებული ცხრა მედალი (მათ შორის, ოთხი ოქროს მედალი) და სამუდამოდ აუკრძალა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.