საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რუსეთის წარმომადგენლებს აფრთხილებს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რუსეთის წარმომადგენლებს აფრთხილებს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი რუსეთის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ ნებისმიერი მცდელობა, გავლენა მოახდინონ სოკ-ის გადაწყვეტილებაზე, უშედეგოდ დასრულდება.

საუბარია 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის მონაწილეობაზე, რომლის შესახებაც სოკ-მა გადაწყვეტილება დენის ოსვალდის კომისიის საბოლოო დასკვნის შემდეგ უნდა მიიღოს. როგორც ცნობილია, სოკ-ის ხსენებული კომისია შარშან გამოქვეყნებულ რიჩარდ მაკლარენის სკანდალურ ანტიდოპინგურ ანგარიშს სწავლობს.

თომას ბახმა საჯარო განცხადება ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე დღეს გააჟღერა.
სოკ-ის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად ვისი მხრიდან შეიძლება განხორციელდეს ზეწოლა.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით სოკ-ი საბოლოო გადაწყვეტილებას 5 დეკემბერს დანიშნულ აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე მიიღებს.

დენის ოსვალდის კომისიის მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, უკვე 14 რუსი სპორტსმენი დაისაჯა ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის – ექვსი მოთხილამურე, ოთხი სკელეტონისტი, ორი მოციგურავე და ორი ბობსლეისტი. მათ სოკ-მა ჩამოართვა სოჭში მოპოვებული ცხრა მედალი (მათ შორის, ოთხი ოქროს მედალი) და სამუდამოდ აუკრძალა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.