საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტებმა თბილისში პირველი შეხვედრები გამართეს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტები პამელა ვაიპონდი და ჟილბერ ფელისი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი და ასევე მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ექსპერტების თბილისში ჩამოსვლის გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახს შორის 22 იანვარს ლოზანაში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს მთის კურორტების პოტენციალს შეისწავლის, ასევე განსაზღვრავს თუ რა სამუშაოების ჩატარება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება საჭირო იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ზამთრის სახეობებში მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლოს.
ექსპერტები ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდებიან საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოში 9 მარტამდე დარჩებიან და მთის კურორტებსა და იქ არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები გუდაურში, ყაზბეგში, ბორჯომსა და ბაკურიანში ჩასვლას გეგმავენ.