საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პარლამენტში ლაშა დარსალიასა და ზურაბ აბაშიძის ანგარიშს მოისმენენ
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიასა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ანგარიშს მოისმენენ.
ლაშა დარსალია ყურადღებას გაამახვილებს, რა გაკეთდა როგორც ჟენევის მოლაპარაკებებზე და კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით, ასევე რა ნაბიჯებია გადადგმული ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით.
რაც შეეხება ზურაბ აბაშიძის ანგარიშს, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ისაუბრებს, რა საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა რუსული მხარის წარმომადგენელთან და რა მიმართულებით არის აბაშიძე-კარასინის ფორმატის მოლაპარაკებებში პროგრესი.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრად მეტის სურვილი გვაქვს, ვიდრე ის შედეგები, რომლებიც ამ ფორმატებმა მოგვცა. ერთის მხრივ, ჟენევის ფორმატი მნიშვნელოვანია იმით, რომ ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც, როგორც საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენ პარტნიორი ქვეყნები, ამერიკა, ევროკავშირი არის ჩართული, ასევე რუსეთი, სადაც ვმსჯელობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ხელშესახები პროგრესი არ გვქონდეს, ეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, რადგან აქ წესით უნდა მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა და მეორე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მხრიდან მომავალი აგრესია თავიდან იქნას აცილებული. რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის ფორმატს, აქ ჩვენ გვქონდა კონკრეტული წინსვლა იგივე სავაჭრო, ეკონომიკურ ურთიერთობებში, თუმცა ბოლო დროს ეს შეფერხდა. იცით, რომ ავიამიმოსვლა შეჩერებულია, ამიტომ საინტერესოა ბატონი აბაშიძის შეფასება, თუ რას შეიძლება, ველოდეთ მომავალში ამ ფორმატიდან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საგარეო კომიტეტის სხდომაზე საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ ანგარიშს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დაესწრება. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში პროგრესს ვერ ხედავს და მთავარი კითხვაა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჟენევის დისკუსიასთან დაკავშირებით.
„ჟენევის დისკუსიის ფორმატში დიდი ხანია, პროგრესი არ გვაქვს, რაც არის რუსების ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ რა თქმა უნდა, კითხვები გვექნება, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჟენევის დისკუსიები, ასევე რა წინააღმდეგობას ქმნის რუსეთი, რა გეგმა აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე, როგორც, რა მოლოდინები არსებობს პროგრესთან მიმართებით, რაც აუცილებელია ქვეყნის დეოკუპაციისთვის და მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულფასოვანი შენარჩუნებისთვის, რომელსაც რუსეთი ეწინააღმდეგება. ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესოა ასევე ბატონი აბაშიძის მოსმენა. დიდი ხანია, ჩვენ პროგრესი ამ მიმართულებით აღარ გვაქვს, თუ ამას შეიძლება, პროგრესი ვუწოდოთ და ვხედავთ საკმაოდ პროვოკაციულ განცხადებებსაც ბატონო კარასინის, რომელიც ხშირად იმ დღის წესრიგს მიჰყვება, რომელიც არის რუსეთის ინტერესი. ამიტომ, იქნება ეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, სადაც ვფიქრობ, რომ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გამოწვევა, იქნება ეს მათ შორის სხვა საკითხები, რომლებსაც სპეცწარმომადგენელი განიხილავს. ამასთან მიმართებით ვიქნებით აქტიურად წარმოდგენილები და მათ შორის, პასუხებსაც დიდი ყურადღებით დავაკვირდები, რადგან ამ კუთხით მხოლოდ და მხოლოდ პანდემია არის ხოლმე მიზეზი, რომ პროგრესი არ გვაქვს, თუმცა რეალურად რუსეთი ბევრად უფრო აგრესიულია, ვიდრე ეს წლების წინ იყო. ამ მიმართებით ზოგადად რა ტენდენციები და ხედვა აქვს მთავრობას, იქნება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.