საერთაშორისო მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც „ბიბისი” წერს, რუსი კანონმდებლის მიერ პარლამენტში წარმოთქმული სიტყვის წინააღმდეგ გამართული მასობრივი დემონსრატაციის დროს აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ.
„მათი შეჩერება სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი აირისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით შეძლო”, – წერს „ბიბისი” და აღნიშნავს, რომ რუსეთმა 2008 წელს აფხაზეთთან ერთად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაც განახორციელა.
აქვე აღნიშნულია, რომ 10 ათასამდე აქციის მონაწილე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლის კობახიძესა და სხვა მაღალჩინოსნებს გადადგომისკენ მოუწოდებენ. „ბიბისის” მოჰყავს ასევე „ევროპული საქართველოს” წევრის, გიგა ბოკერიას ციტატა, რომ აქცია პარლამენტის წინ „რიგითი ქართველების მიერ სპონტანური პროტესტი“ იყო.
როგორც „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქის დასარბევად სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი აირი დაუშინეს. როგორც გამოცემას პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, დავით სერგეენკომ განუცხადა, შეტაკების შედეგად დაშავებული დაახლოებით 70 ადამიანი, 39 პოლიციელი და 30 მოქალაქე გადაყვანილია საავადმყოფოში. „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ დემონსტრაციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში უწევდნენ წინააღმდეგობას სამართალდამცველებს.
გერმანული „დოიჩე ველე” კი წერს, რომ რუსული დელეგაციის ვიზიტით შეურაცხყოფილი ათასობით ადამიანი პროტესტის გამოსათქმელად შეიკრიბა, მას შემდეგ, რაც 10 წელზე მეტი ხნის წინ, ორ ქვეყანას შორის ომის დროს, საქართველომ მისი ორი დიდი რეგიონი დაკარგა.
„რუსული პოლიტიკური გავლენა სენსიტიური საკითხია საქართველოსთვის, რომლის რეგიონები რუსეთმა მიიტაცა”, – წერს „დოიჩე ველე”.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა „როიტერსიც“. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ქართველები რუსი კანონმდებლის ვიზიტმა განარისხა და ისინი პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ.
„პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენიმე საათიანი დაძაბულობის შემდეგ, ათობით ადამიანი რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი ქვებით მიყენებული დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – წერს „როიტერსი”.
სააგენტოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ციტატა მოჰყავს, სადაც მთავრობის მეთაური პარლამენტის წინ არსებულ ვითარებას „ოპოზიციური ძალების მიერ პროვოცირებულად“ აფასებს და აცხადებს, რომ პოლიცია არასდროს გამოიყენებს რეზინის ტყვიებსა და გაზს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ.