საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია - საომარი მოქმედებებით დაზარალებულ ქვეყნებში პრევენციული ზომების გარეშე კორონავირუსის შემთხვევებმა შესაძლოა, ერთ მილიარდს მიაღწიოს
საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „აიარსი“ (The International Rescue Committee) აცხადებს, რომ სწრაფი პრევენციული ზომების გარეშე, კრიზისის შედეგად დაზარალებულ ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა შესაძლოა, ერთ მილიარდს მიაღწიოს.
უფლებადამცველები საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ კრიზისით და საომარი მოქმედებებით დაზარალებულ ქვეყნებში რეაგირების გარეშე შესაძლოა, 3,2 მილიონი ადამიანი დაიღუპოს.
„ეს რიცხვები უნდა იყოს გამოსაფხიზლებელი შეძახილი: ამ პანდემიის სრული, გამანადგურებელი და არაპროპორციული სიმძიმე ჯერ არ გამოჩენილა ყველაზე სუსტ და ომით მოცულ ქვეყნებში“, – განაცხადა საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დევიდ მილიბენდმა.
„აიარსის“ მიერ გავრცელებული განცხადება ეხება კრიზისით და საომარი მოქმედებებით დაზარალებულ 34 ქვეყანას, მათ შორის, ავღანეთს, ერაყს, ლიბიას, იემენს, პაკისტანს, სირიას, სომალის, მალის და სხვა ქვეყნებს. ასევე უფლებადამცველების პროგნოზი ეხება საბერძნეთს, სადაც მჭიდროდ დასახლებული მიგრანტთა ბანაკებია.
ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ ქვეყნებში ცუდი სცენარის თავიდან ასაცილებლად დროს სულ უფრო ცოტა რჩება. უფლებადამცველები განვითარებულ და მდიდარ ქვეყნებს სხვადასხვა სახის კრიზისით დაზარალებულის სახელმწიფოების დახმარებისკენ მოუწოდებენ.