საერთაშორისო გამოფენა-კონგრესზე APIMONDIA 2022 საქართველოს სტენდია წარმოდგენილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თურქეთში, ქალაქ სტამბულში გამართულ საერთაშორისო გამოფენა-კონგრესზე APIMONDIA 2022 საქართველოს სტენდია წარმოდგენილი. ქართული კომპანიები დამთვალიერებელს მეფუტკრეობის სხვადასხვა პროდუქტს აცნობენ.
გამოფენას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია დაესწრნენ.
„კონგრესი APIMONDIA 2022 არის მეცნიერების, პრაქტიკის, ბიზნესის შეჯერება. ქართველ მწარმოებლებს ამ გამოფენა-კონგრესში მონაწილეობით საშუალება მიეცათა, არამარტო გაყიდონ საკუთარი პროდუქცია, არამედ, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და ახალ მიმართულებებს მეფუტკრეობის სექტორში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, წაახალისოს ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობა, მათ შორის, მეფუტკრეობა, არის შედეგიანი და წარმატებული“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.
გამოფენაზე APIMONDIA 2022 საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი აქვს თაფლის მწარმოებელ რვა კომპანიას: შპს „რუხი დედოფალი“, შპს „ჯეონატურალი“, შპს „აპიგეო“, შპს „თაფლი სახლში“, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „რაჭის ნატურალური პროდუქტები“, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „სკა“, შპს „სკა-კოდალა“, შპს „KTW აგრო-ქედა“. აღნიშნული კომპანიები გამოფენის სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ქართულ თაფლს, მათ შორის ჯარას თაფლს აცნობენ.
APIMONDIA 2022-ში მონაწილე კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო გამოფენებში ქართველი მწარმოებლების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბაზრების დივერსიფიცირების და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის.
მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას იღებს 50 ქვეყანა და მეფუტკრეობის სექტორში მოქმედი 150-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.
APIMONDIA 2022 24 აგვისტოს გაიხსნა და 28 აგვისტოს დასრულდება.
ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.