არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების კამპანიის დაფინანსების საკითხზე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პარლამენტის არჩევნების კამპანიის დაფინანსების მხრივ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შუალედურ ანგარიშში შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა:
„არჩევნებში მონაწილე 50 საარჩევნო სუბიექტიდან (პარტია და ბლოკი) 29 იყო ისეთი, რომელმაც 2020 წლის პირველი იანვრიდან 15 ოქტომბრამდე შემოწირულება მიიღო. ამ სუბიექტების მიერ მოზიდული შემოწირულებების ჯამმა 35 376 394 ლარი შეადგინა, აქედან მმართველ პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ – 17 086 626 ლარი შესწირეს, პარტიას „ლელო საქართველოსათვის“ – 5 075 844 ლარი, ხოლო საარჩევნო ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ შემავალმა პარტიებმა ჯამურად 3 735 583 ლარი მოიზიდეს.
როგორც აღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, ყველა საარჩევნო სუბიექტის ჯამური შემოწირულებების 48% მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მიიღო. თუ წინა საარჩევნო წლების ტენდენციებს შევადარებთ, საპარლამენტო არჩევნების წელს (2016) „ქართული ოცნების” წილი მთლიან შემოწირულებებში 66% იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელს (2017) კი ეს მაჩვენებელი უკვე 88% გახდა. მმართველი და სხვა პარტიების მიღებულ შემოწირულებებს შორის სხვაობის შემცირება ძირითადად იმან განაპირობა, რომ აქამდე არსებულ ფინანსურად ძლიერი პარტიების ტრადიციულ სიას დაემატა ახალი პარტია „ლელო საქართველოსთვის” და საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი”.
29 სუბიექტის მიერ მიღებული ჯამური შემოწირულებების 98% ფიზიკური პირების მიერ არის განხორციელებული, 2 % კი – იურიდიული პირების მიერ. პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა დაახლოებით ⅓-ს იმაზე მეტი აქვს შეწირული, ვიდრე ერთი წლის საშუალო დარიცხული ხელფასია საქართველოში (11,040 ლარი). ასეთ შემომწირველებზე ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების დაახლოებით 82% მოდის, რაც მათ მსხვილ დონორებზე დამოკიდებულებას მიუთითებს.
როგორც აღმოჩნდა, მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს (პირველ ოქტომბრამდე) დაახლოებით 47 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს, სანაცვლოდ ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1.3 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია შპს გ & კ ტექნოლოგი, რომელმაც წლის განმავლობაში 17.2 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა კი „ქართულ ოცნებას” 60,000 ლარი შესწირა. კიდევ ერთი მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორია შპს ლ.და.კ, რომელმაც 2020 წელს 8.1 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, ხოლო მისმა მფლობელებმა მმართველი პარტიის ყულაბაში 22,000 ლარი შეიტანეს.
ტენდერების გარდა, მმართველ პარტიის შემომწირველი ფიზიკური პირების კომპანიები გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების მიმღებებიც არიან. კერძოდ, 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე დაახლოებით 3.8 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა დაახლოებით 2.2 მლნ ლარი გაიღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ამ კომპანიებიდან აღსანიშნავია შპს ყვარლის ედემი, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორების მფლობელობაშია.
ეს კომპანია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ყურადღების ცენტრში მიმდინარე წლის გაზაფხულზეც მოექცა, როდესაც საგანგებო მდგომარეობის დროს მისი მფლობელების მიერ თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის მსხვილი კონტრაქტი გაუფორმეს.
წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდი თანხებით აფინანსებს. სამმა ასეთმა ჯგუფმა 2020 წელსაც გააგრძელა მსხვილი შემოწირულებების განხორციელება. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას” მთლიანობაში 447,500 ლარი შესწირეს. შპს „ლილო-მოლთან” დაკავშირებულმა პირებმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჯამში 595,000 ლარი გაიღეს, ხოლო შპს „სერვის-აგრო”-სთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა კი იგივე პარტიას 255,000 ლარი შესწირეს.
ცალკე კვლევის საგანი გახდა პარტიების მაჟორიტარი კანდიდატების შემოწირულებები. მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” 30 მაჟორიტარი კანდიდატიდან შვიდმა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) 2020 წლის იანვრის შემდეგ პარტიას 1,035,000 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 6%-ა. მაჟორიტარობის შვიდივე კანდიდატი მსხვილი ბიზნესმენია და სხვადასხვა ფორმით მთლიანობაში 127 კომპანიასთან არის დაკავშირებული. ეს კანდიდატები არიან: ზაალ დუგლაძე, ანტონ ობოლაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზაზა ლომინაძე, ირაკლი ხახუბია, დავით სონღულაშვილი და ვასილ ჩიგოგიძე. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთი მაჟორიტარი კანდიდატის ბიზნესპარტნიორები ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე ოდენობის თანხას სწირავდნენ პარტიას.
საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ მიერ დასახელებული მაჟორიტარობის 25 კანდიდატიდან 15-მა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) 2020 წლის იანვრის შემდეგ საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს 565,670 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 15.1%-ა. ამ თანხიდან 105,000 ლარი ერთსა და იმავე დღეს – 8 ოქტომბერს შესწირა მაჟორიტარობის კანდიდატ მურთაზ ზოდელავას ოთხმა ბიზნესპარტნიორმა (დიმიტრი ძაგნიძე, გიორგი ჩივიაშვილი, გიორგი გელხაური და ბექა ბასილაია).
პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 29 კანდიდატიდან შვიდმა საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვის განმავლობაში პარტიას 421,990 ლარი შესწირა, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 22.6%-ა. ამ თანხიდან 185,000 ლარი ოთხმა მაჟორიტარმა (იოსებ შატბერაშვილი, კახაბერ ძაგანია, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე) ერთსა და იმავე დღეს – 10 სექტემბერს შესწირა პარტიას.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში ამ უწყებამ შემოსული განცხადებების, სამსახურის მიერ განხორციელებული მედია მონიტორინგის და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, 7 საქმეზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომელთაგან სამზე უკვე დაასრულა წარმოება, ორ სამართალდარღვევის ფაქტზე კი შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ორი საქმის შესწავლა კვლავ გრძელდება, მათ შორისაა შემთხვევა, რომლის შესწავლის მიზეზი გახდა საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმის „დოსიე“ ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ორ ნაწილად 24 და 31 აგვისტოს გამოქვეყნდა და მათში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა მოთხრობილი. აღნიშნულმა საქმემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილებები და კანონისმიერი ბერკეტები, რითაც შეძლებს მსგავსი შემთხვევების გამოძიებას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მოსაზრებით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო. ეს უწყება უნდა აღიჭურვოს საგამოძიებო უფლებამოსილებებით და სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებსაც გაუწიოს ზედამხედველობა. პრამდენიმე დეპუტატმა ამ იდეის განსახორციელებლად კანონპროექტი უკვე დაარეგისტრირდა პარლამენტში, თუმცა იგი ჯერჯერობით არ განხილულა“, – აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, საბოლოო ანგარიში არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება.