„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კვლევას აქვეყნებს
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის პირობებში საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის კვლევის პრეზენტაცია გამართა.
კვლევაში აქცენტი “ მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე კეთდება.
კვლევის ავტორის მამუკა ანდღულაძის აზრით, “ მაუწყებლობის შესახებ” კანონში მეორე მოსმენით მიღებული ცვლილებები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება.
მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე “შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი კონტენტთან დაკავშირებულ შესყიდვებზე აღარ გავრცელდება, რაც კორუფციის რისკს ზრდის.
„მაუწყებელზე სარეკლამო დრო და სპონსორობის განთავსების შესაძლებლობა გაიზარდა. საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტიდან ზრდადი და სტაბილური შემოსავალი აქვს. ისედაც მწირ სარეკლამო ბაზარზე მისი შემოსვლა კერძო ტელევიზიებს მნიშვნელოვნად დააზარალებს”,- განაცხადა კვლევის ავტორმა.
მამუკა ანდღულაძე პარლამენტს მოუწოდებს, “ მაუწყებლობის შესახებ” კანონი ამ ფორმით არ დაამტკიცოს.
“სამწუხაროდ, პარლამენტმა წამყვანი კომიტეტის პოზიცია არ გაითვალისწინა და “მაუწყებლობის შესახებ” კანონი მეორე მოსმენით დაამტკიცა. პარლამენტს მოვუწოდებ, არ მიიღოს მაუწყებლობის შესახებ კანონში წარდგენილი ის ცვლილებები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხება. ამ პოზიციას სამოქალაქო სექტორის აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს. საზოგადოებრივ მაუწყებელში რა პროცესები მიმდინარეობს და კანონით გათვალისწინებულ მის ფუნქციას რამდენად ასრულებს, ამ საკითხებზე საქართველოს პარლამენტმა დისკუსია უნდა გამართოს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა შეძლოს ამ პოლარიზებულ მედიაგარემოში ის როლი შეასრულოს, რომელიც მას კანონმდებლობით ევალება”, – განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარკვეული შესყიდვები კითხვის ნიშნებს აჩენს.
როგორც მამუკა ანდღულაძემ აღნიშნა, განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგა ხაინდრავას კომპანიის მიერ მოგებული ტენდერი სერიალის წარმოებაზე.
„გოგა ხაინდრავა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია – მისმა კომპანიამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის დაკვეთით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ სერიალი “ჰეროკრატია” გადაიღო. ასევე, პრობლემურია ბერა ივანიშვილის კომპანიის მიერ მოგებული განათების ტენდერი (რომლის დირექტორიც გოგა ხაინდრავაა). ტენდერი ამჟამად შეწყვეტილია, ხოლო განათების ტექნიკა ივანიშვილმა მაუწყებელს საჩუქრად გადასცა. გაუმჭვირვალეა დასაქმების პოლიტიკა. საზოგადოებრივ მაუწყებელში ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის “ჯი-დი-ეს“-ის თანამშრომლები აქტიურად დასაქმდნენ, როგორც წამყვანი მენეჯერის, ასევე ჟურნალისტების პოზიციებზე. საზოგადოებრივ მაუწყებელში წლების განმავლობაში საუბარია ე.წ. “გაბერილი კადრების” პრობლემაზე, თუმცა რეფორმა ვერც ერთმა მენეჯმენტმა ვერ ან არ განახორციელა. ნდობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ არის კრიტიკულად დაბალი, მათ შორის ბოლო პერიოდში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის, საკადრო გადაწყვეტილებებისა და კონკურსების გაუმჭვირვალედ ჩატარების გამო; ახალი მენეჯმენტის პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხელისუფლებისა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების ზეგავლენის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით ეჭვები გაძლიერდა.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემები გარკვეული დროით შეჩერდა და მათი ნაწილი ეთერში დღესაც არ გადის. ეს შესაძლოა არღვევდეს კანონს, რომელიც მაუწყებელს ავალდებულებს შეასრულოს სამეურვეო საბჭოს მიერ შემუშავებული პროგრამული პრიორიტეტები. აღნიშნული პრიორიტეტები მოიცავს მაუწყებელზე ჟურნალისტური გამოძიების, კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი გადაცემების არსებობას. პროგრამული პრიორიტეტების შესრულების კონტროლი სამეურვეო საბჭოს ვალდებულებაა, თუმცა, საბჭო პრიორიტეტების შეუსრულებლობის საკითხებსა და მაუწყებელში მიმდინარე სხვა საკამათო რეფორმებთან დაკავშირებით სათანადოდ არ რეაგირებს”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევაში.
რაც შეეხება ვებპლატფორმას, კვლევის ავტორის მამუკა ანდღულაძის განმარტებით, ვებპლატფორმაზე პოზიტიური ტენდენციაა.
„ვებპლატფორმაზე პოზიტიური ტენდენციაა, რომელიც უფრო გააქტიურდა და ინფორმაციის ერთ-ერთ წყაროდ შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, სხვა ტელევიზიების ვებპლატმორმებთან მოცულობის მიხედვით, ცალსახა ღია კონკურენციაში შესვლას ვერ შეძლებს”, – განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.