„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პარლამენტის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს და რამდენიმე ნომინაციაში გამოვლენილ დეპუტატებს დააჯილდოებს 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პარლამენტის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს და რამდენიმე ნომინაციაში გამოვლენილ დეპუტატებს დააჯილდოებს 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. პრეზენტაციის ფარგლებში სხვადასხვა ნომინაციაში წარდგენილი დეპუტატები დაჯილდოვდებიან.

ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია აცხადებს, რომ ორგანიზაციამ შეისწავლა, როგორც საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა, ისე თითოეული დეპუტატის აქტივობა. მისი თქმით, რამდენიმე დადებითი ტენდენცია გამოვლინდა, მათ შორის, დეპუტატების აქტიურობის და მინისტრთა კაბინეტის წევრების პარლამენტში წარდგენის კუთხით.

„პოზიტიური ტენდენციებიდან პირველ რიგში უნდა აღვნიშნო პარლამენტის წევრთა მეტი აქტიურობა, მაგალითად მეცხრე მოწვევის პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო არ ჩაშლილა სხდომა. ასევე, პარლამენტის წევრები უფრო ხშირად იყენებენ საკანონმდებლო ინიციატივის ფუნქციას. ასევე, პირველად მოხდა ამ მოწვევის პარლამენტში, რომ მთავრობამ წარმოადგინა კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა. მინისტრები და მათი მოადგილეები უფრო ხშირად მოდიან და ეს ნამდვილად დადებითი ტენდენციაა“, – განაცხადა ლიკა საჯაიამ.

თუმცა, საჯაიას განმარტებით, არის პრობლემებიც – დეპუტატების მხრიდან გამოვლენილი არაეთიკური ქცევა და გაცდენები.

„არსებობს პრობლემები, რომელიც იყო მერვე მოწვევის პარლამენტში და რჩება ამ მოწვევის პარლამენტშიც. მაგალითად, შეიძლება დავასახელოთ პარლამენტის წევრთა გაცდენები ისეთი საპატიო მიზეზით, როგორიცაა ოჯახური მდგომარეობა. როგორც ვიცით, პარლამენტმა არ გააუქმა ეს ჩანაწერი და შესაბამისად, მხოლოდ წელიწადნახევრის განმავლობაში ათას ოთხასზე მეტი შემთხვევა არის, როდესაც ამ მიზეზით აცდენენ პლენარულ სხდომას. ასევე, ხშირია არაეთიკური ქცევა პარლამენტის წევრების მხრიდან და პარლამენტს არ ეყო პოლიტიკური ნება, რომ დღემდე მიეღო ეთიკის კოდექსი. არსებობს საკითხები, სადაც კიდევ უფრო ცუდად არის მდგომარეობა, ვიდრე იყო მერვე მოწვევის პარლამენტში, მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ, კანონპროექტების მოქმედების გადავადება, ასევე დაჩქარებული წესით კანონპროექტების მიღება. პარლამენტმა 100-ზე მეტი კანონპროექტი განიხილა დაჩქარებული წესით, რაც ნიშნავს იმას, რომ სამი მოსმენა მოხდა ერთ კვირაში და რეალურად არც საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა, ჩართულიყო ამ განხილვებში და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება თვითონ კანონის ხარისხზეც“, – განაცხადა ლიკა საჯაიამ.