საერთაშორისო დამკვირვებლები - არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და მაღალპროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული
არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და მაღალპროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული,- ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშში, რომელიც დღეს, სასტუმრო „რედისონში“ წარადგინეს.
ორგანიზაციები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიასა და არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცედურებს აკვირდებოდნენ, ხმის მიცემის პროცესს დადებითად აფასებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი დამკვირვებლებისა და პოლიტიკური პარტიების სახელით მოქმედი მედიასაშუალებების აქტივობამ, მთელ პროცესზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა.
„კენჭისყრის დღემ საერთო ჯამში პროფესიონალურად მაღალ დონეზე, მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ ჩაიარა. თუმცა ხშირ შემთხვევაში, ამომრჩეველთა სიებით შეიარაღებული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები, რომლებიც საარჩევნო უბნებს გარეთ აღნიშნავდნენ, თუ ვინ მოვიდა ხმის მისაცემად, შეშფოთების საფუძველს ქმნის, რადგან დასჯის შიშის ზეწოლის ქვეშ მყოფ ამომრჩევლებს ეზღუდებათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.
ხმის მიცემის პროცესი დადებითად შეფასდა, თუმცა ადგილობრივი დამკვირვებლებისა და პოლიტიკური პარტიების სახელით მოქმედი მედიასაშუალებების აქტივობამ, მთელ პროცესზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. ხმების დათვლის პროცესი ნაკლებად პოზიტიურად შეფასდა, პროცესის მიმდინარეობისას შემჩნეული პროცედურული ხარვეზების, პროცესის ხელშეშლისა და დაძაბულობის გამწვავების შემთხვევების გამო“, – აცხადებენ საერთაშორისო დამკვირვებლები.
ამასთან, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშშია აღნიშნული, „საპრეზიდენტო კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა თავისუფლად წარემართათ საარჩევნო კამპანია, ამომრჩეველმა კი საკუთარი არჩევანის გაკეთება შეძლეს მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ შეინიშნა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და წინასაარჩევნო კამპანიაში სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი მაღალჩინოსანი საჯარო მოხელეების მონაწილეობის შემთხვევები“.
საერთაშორისო მისია შემოწირულობებზეც ამახვილებს ყურადღებას.
„შემოწირულობებს შორის არსებული საგრძნობი სხვაობა, დახარჯვის მეტისმეტად დიდი მაჩვენებლები, ხელს უწყობდა არათანაბარი საასპარეზო მოედნის ჩამოყალიბებას.
საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებმაც გაზარდა მმართველო პარტიის წარმომადგენლობა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე და არასაკმარისმა გამჭვირვალობამ არაპარტიული წევრების შერჩევის პროცესში, გააძლიერა მიკერძოებულობის აღქმა“,- აღნიშნულია საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშში.