საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილმა ირანის ნაცვლად, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო
არსებული ინფორმაციით, საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილმა, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო, ირანის ნაცვლად, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო.
„დერეფანი აზერბაიჯანისა და თურქმენეთის გავლით გაცილებით დატვირთულია 9 იანვრის დილის საათებში, რადგან ბევრი ავიაკომპანია აღარ იყენებს ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცეს“, – წერია პორტალ Flightradar24-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუკაზე ჩანს, რომ თვითმფრინავები ევროპის მიმართულებით ფრენისას აქტიურად იყენებენ საქართველოს საჰაერო სივრცესაც.
ახლო აღმოსავლეთში მოვლენების ესკალაციის გამო, ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე დროებით უარი თქვეს მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიებმა, მათ შორის არიან Lufthansa, Air France, Singapore Airlines და Qantas Airways.
ამასთან, გუშინ თეირანთან „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარის ზუსტი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია. ასევე, უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა უკრაინულ ავიაკომპანიებს ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა. აკრძალვა 2020 წლის 9 იანვრიდან შედის ძალაში და უკრაინაში რეგისტრირებულ ყველა კომპანიაზე ვრცელდება, რომელიც საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციას ახორციელებს.