საელჩოს ინფორმაციით, ეგვიპტეში, მეჩეთზე განხორციელებული ტერაქტის დროს, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან
ეგვიპტეში სინაის ჩრდილოეთ ნაწილში, მეჩეთზე განხორციელებული ტერაქტის დროს, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან, – ინფორმაცია ამის შესახებ პირველ არხს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა მიაწოდა.
მისი განცხადებით, ჩრდილოეთ სინაი არ არის ტურისტული ზონა და იგი შარმ-ელ-შეიხიდან (რომელიც სინაის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს) საკმაოდ მოშორებითაა.
საელჩო უკვე დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებს მიაწოდონ მონაცემები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასევე, ალექსანდრე ნალბანდოვის განცხადებით, საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში და ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც აქვს ინფორმაცია ან სჭირდება დახმარება, შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე +2010 110 888 44
ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე მეჩეთზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 155-მდე გაიზარდა.