„მარგებელი ჰოლდინგის“ სადისტრიბუციო კომპანია „ენგადის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა.
ჰოლდინგში გაერთიანებულია ნაბეღლავის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, კომპანია „ენგადი“, საწარმო „მარნეული აგრო“.
70-მდე გაფიცული თანამშრომელი ხელფასის გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. მათი თქმით, წლების განმავლობაში არ შეუძლიათ შვებულებით სარგებლობა.
როგორც მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელის“ ოპერაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჭკუასელი აცხადებს, თანამშრომლებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რათა პრობლემა მოგვარდეს.
„ჩვენ რესურსი გაგვაჩნია და უმოკლეს ვადებში განვაგრძობთ სამუშაო პროცესს. საწყობი გაიხსნება და მანქანები გავა დისტრიბუციაში. დღის განმავლობაში მათთან მუდმივ კავშირზე ვიყავით. არც ერთი დღე ამ თანამშრომლებს ხელფასის ჩარიცხვაზე არ ჰქონიათ, აქვთ სამედიცინო დაზღვევაც, ასევე ვითვალისწინებთ მათ პრობლემებს. მაგალითად, თუ ეს ეხება საპატრულო ჯარიმებს. დღეს, რასაც აცხადებენ, რომ ხელფასი ჰქონდათ 630 ლარი, არ შეესაბამება სიმართლეს, მათ ხელფასთან ერთად აქვთ ბონუსები, პრემიები. 900-დან 1 000-ლარამდე გამოსდით. ჩვენთვისაც არ არის მარტივი პროცესი. კონკრეტულ რიცხვებს ახლა ვერ გეტყვით, უნდა გაითვალოს ყველაფერი. ხალხი, რომელიც იქ დგას, კომპანიის სრული წარმომადგენლობა არ არის. არ შეესაბამება რეალობას, რომ ყველა იქ არის. არიან თანამშრომლები, მათ შორის მიტანის სერვისის, რომლებიც მათ გვერდით არ არიან და არ გაიფიცნენ. უახლოეს პერიოდში მათ გავესაუბრებით“, – განაცხადა დავით ჭკუასელმა.