პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლალი ტაბატაძემ განუცხადა.
ტაბატაძის ინფორმაციით, კარანტინის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბაზის ტრენერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ტრენერი, რომლის ინფიცირება რუსთავის კლასტერს უკავშირდება, მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.
ამასთან, როგორც ტაბატაძემ განაცხადა, კარანტინში იმყოფება 14 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ ინფიცირებულ ტრენერთან.
რაც შეეხება საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე მყოფ 153 პირს, მათ ტესტირება უკვე ჩაუტარდათ, თუმცა კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.