საჩხერის სამედიცინო ცენტრის ბოქსირებულ განყოფილებაში სამი ადამიანი რჩება
საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე აცხადებს, რომ მათ დაწესებულებაში არსებულ ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ადამიანი იმყოფება. ლუგარის ლაბორატორიაში კვლევის შედეგად, მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ.
„სამი ადამიანი რჩება ბოქსირებულ პალატებში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სიმპტომები არ აღენიშნებათ.
ერთი ადამიანი შემოვიდა რამდენიმე დღის წინ, ხოლო ორი გუშინ საჩხერიდან. ისინი რისკჯგუფებში არ არიან. მზად ვართ, მივიღოთ პაციენტები, გვაქვს რესურსი, მაგრამ იმედია, მეტი აღარ გამოვლინდება“, – განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.
გარდა ამისა, საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში, კარანტინში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 38 ადამიანი.