საჩხერის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირების გარდა, დასუფთავების გადასახადისგან სამი თვით თავისუფლდებიან ის იურიდიული პირები, რომლებსაც საქმიანობის უფლება შეეზღუდათ
საჩხერის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირების გარდა,  დასუფთავების გადასახადისგან სამი თვით თავისუფლდებიან ის იურიდიული პირები, რომლებსაც საქმიანობის უფლება შეეზღუდათ

საჩხერის მოსახლეობა სამი თვის განმავლობაში დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლდა. შეღავათით ისარგებლებენ როგორც ფიზიკური პირები, ასევე ის იურიდიული პირები, ვისაც საგანგებო მდგომარეობის გამო საქმიანობის უფლება შეეზღუდა. გადაწყვეტილება ამის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო.

„საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა (ფიზიკური პირები) სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან.

საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირები, რომლებსაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, შეეზღუდათ საქმიანობის განხორციელების უფლება, სრულად გათავისუფლდნენ 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან“, – აღნიშნულია საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში.

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ 2020 წლის მარტის, აპრილის ან/და მაისის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე.

დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ შესაძლებელია სუბსიდირებაზე უარის თმა. ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა სუბსიდირებაზე უარის თქმის შემთხვევაში განცხადებით უნდა მიმართონ ა(ა)იპ „ზურმუხტის“ ადმინისტრაციას.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება დღეს, 30 აპრილს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.