ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაჭის ქედის სამხრეთ მონაკვეთზე დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი კატეგორიის – აღკვეთილის შექმნა იგეგმება.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს ხვალ სხდომაზე წარედგინება. პროექტის ინიციატორი მთავრობაა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აღკვეთილის ტერიტორიის საერთო ფართობი 14 797 ჰექტარს შეადგენს. მთავრობის განმარტებით, კვერეთის აღკვეთილი იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმების ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზებისა და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დაცვის, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების აღდგენის და დაცვის ხელშეწყობის მიზნით.
„ტერიტორიაზე გვხდება საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ძუძუმწოვრები, დათვი, ფოცხვერი, წავი, იშვიათად, კავკასიური ირემი და არჩვი. აგრეთვე, აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია მდ. ჯრუჭულასა და მდ. ჩიხურას ხეობაში არსებული არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნები. აღნიშნული ორგანული და არაორგანული კომპლექსის ბუნებრივი სახით შენარჩუნებას ესაჭიროება სპეციალური აღდგენითი და მოვლითი ღონისძიებების განხორციელება. გარდა აღნიშნულისა, აღკვეთილის სტატუსიდან გამომდინარე, მის გარშემო მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაშვებული იქნება ცალკეული განახლებადი ბუნებრივი რესურსის მოხმარება. შესაბამისად, ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული ბიომრავალფეროვნების დაცვას და შენარჩუნებას, ბუნებრივი რესურსების ლიმიტირებულ და მდგრად სარგებლობას, ეკოტურისტული პოტენციალის განვითარებას“, – ნათქვამია პროექტში.
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად 2023 წლის პირველი იანვარი სახელდება. ამ ვადაში შეიქმნება კვერეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია, სადაც 23 საშტატო ერთეული იქნება გათვალისწინებული.