ოთარ შამუგია - რაჭაში დაცული ტერიტორიის შექმნაზე გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, ეს შეუთავსებადია სამონადირეო მეურნეობასთან და შესაბამისი ლიცენზიის გაუქმების საკითხი დადგება
ოთარ შამუგია - რაჭაში დაცული ტერიტორიის შექმნაზე გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, ეს შეუთავსებადია სამონადირეო მეურნეობასთან და შესაბამისი ლიცენზიის გაუქმების საკითხი დადგება

რაჭაში დაცული ტერიტორიის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, ეს შეუთავსებადია სამონადირეო მეურნეობასა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობაზე ლიცენზიის გაუქმების საკითხი დადგება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

შამუგიას განმარტებით, საუბარია დაახლოებით 97 ათას ჰექტარ ფართობზე, სადაც სამონადირეო მეურნეობასთან დაკავშირებით ლიცენზიაა გაცემული, ლიცენზიანტი კი პირობებს არ ასრულებს.

ოთარ შამუგიას თქმით, საკითხზე დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირება ჰქონდა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შესაბამისი ოქმები დაიწერა.

„ჩვენ გასულ წელს სამონადირეო მეურნეობის მოწყობაზე გავეცით ლიცენზია. ეს ლიცენზია მთელ რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებდა, მათ შორის, ხუთ მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ინვესტიციას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, სხვადასხვა სახეობის აღდგენას, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და რეგიონის განვითარებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ყოფილიყო დაცული და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობები გაუმჯობესებულიყო, თუმცა ლიცენზიანტმა დღემდე იქ არანაირი ღონისძიება არ განახორციელა. ამაზე ჩვენს დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირება ჰქონდა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაიწერა შესაბამისი ოქმები. ეს არაერთხელ განვაცხადეთ. შემდგომში უკვე დავიწყეთ მუშაობა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად ვმუშაობთ, რათა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მოსახლეობის ინტერესები და დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები, შევქმნათ შესაბამისი სტატუსის დაცული ტერიტორია, რომელიც მართვაში გადაეცემა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. ჩვენ გვაქვს ასეთი პრაქტიკა ქვეყანაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, თავად მოსახლეობა მიიღებს იმ სიკეთეებს, რომლებიც ჩვენ დაცული ტერიტორიების შექმნის შემთხვევაში გვაქვს.

ქვეყანაში ბევრი შემთხვევაა, როცა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით კონკრეტულ ბენეფიტებს იღებენ. დაცული ტერიტორია ჩვენ შევქმენით რაჭაში, 50 ათას ჰა ფართობზე და იქ ვახორციელებთ ინვესტირებას როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე გვყავს დონორი. დონორის ინვესტირება მოიცავს როგორც ადმინისტრაციული კუთხით ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე მოსახლეობისთვის კონკრეტული საგრანტო პროექტების დაფინანსებას. განვითარდება ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ვიზიტორების რაოდენობა გაიზრდება. ეს ნიშნავს ეკონომიკის განვითარებას, რაც, პირველ რიგში, ადგილობრივ მოსახლეობას ემსახურება. ჩვენ ამ საკითხზე, დიდი ხანია, დაწყებული გვაქვს მუშაობა.

რა აჟიოტაჟსაც დღეს ვაკვირდებით, აბსოლუტურად ხელოვნური, სრულიად უადგილოა. ექსპერტების ჩართულობით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რა სტატუსი უნდა მიენიჭოს ამ ტერიტორიას და როგორ უნდა იყოს მართული. ჩვენ ვსაუბრობთ სალიცენზიო ტერიტორიის ფართობზე, დაახლოებით 97 ათას ჰექტარზე. ანუ საუბარია ტერიტორიაზე, სადაც ლიცენზიაა გაცემული. საბოლოო ჯამში, დაცული ტერიტორიის შექმნაზე გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, ეს შეუთავსებადია სამონადირეო მეურნეობასთან და ლიცენზიის გაუქმების საკითხი დადგება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.