„საბურთალოს“ „პოდბრეზოვას“ დელეგაცია ესტუმრა - კლუბები თანამშრომლობის პერსპექტივას განიხილავენ #1TVSPORT
„საბურთალოს“ „პოდბრეზოვას“ დელეგაცია ესტუმრა - კლუბები თანამშრომლობის პერსპექტივას განიხილავენ #1TVSPORT

საქართველოში იმყოფებიან სლოვაკეთის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი კლუბის, „პოდბრეზოვას“ ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმირ სოტაკი და გენერალური მენეჯერი მიროსლავ მოლიაცეკი, რომლებიც „საბურთალოსთან“ თანამშრომლობის პერსპექტივას განიხილავენ.

ისინი საქართველოში „საბურთალოს“ პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის მოწვევით ჩამოვიდნენ, რომელიც დიდი ხანია ცდილობს, ევროპაში სასურველი პარტნიორები მოძებნოს, რომლებიც „საბურთალოს“ აღზრდილებს ევროპულ კლუბებში გადასასვლელ ტრამპლინად გამოადგებათ.

სლოვაკები გაეცნენ დედაქალაქურ კლუბს, მის პერსპექტივებს, ასევე ქვემო ქართლის საფეხბურთო ცენტრს. საქმე ისაა, რომ „საბურთალოსა“ და „რუსთავის“ თანამშრომლობა-გაერთიანების პროექტი დროებით შეჩერდა, მაგრამ მისი განხორციელება თბილისური კლუბისთვის მნიშვნელოვან ამოცანად რჩება.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალომ“ 2020 წელს „ვალენსიასთან“ თანამშრომლობა დააანონსა. ერთი წლის განმავლობაში თბილისური კლუბის აკადემიაში ესპანელების წარმომადგენელი მუშაობდა, მაგრამ „ვალენსიაში“ ხელმძღვანელობის შეცვლამ ეს პროექტი ჩაშალა.

„პოდბრეზოვა“ ახალგაზრდა მოთამაშეების აღზრდითაა ცნობილი. წელს კლუბის 17 მოთამაშე სლოვაკეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მიიწვიეს. მისი აქციების 35 პროცენტი კი „ნაპოლის“ ნახევარმცველს, სტანისლავ ლობოტკას ეკუთვნის. გუნდი სლოვაკეთის ჩემპიონატში ამჟამად მეორე ადგილზეა.