„საბურთალოს“ მოულოდნელი ტრანსფერი - გუნდმა კამერუნის ნაკრების მოთამაშე დაიმატა (ვიდეო)
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე „საბურთალომ” მშვენიერი ტრანსფერი განახორციელა – გუნდში კამერუნის ნაკრების 30 წლის შემტევი, ოლივიე ბუმალი ითამაშებს.
„კამერუნის ნაკრების ფეხბურთელი 30 წლის ოლივიე ბუმალი დედაქალაქურ „საბურთალოში” ითამაშებს. ჩვენი კლუბის ახალწვეულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და პირველი ვარჯიშის ჩატარებაც მოასწრო. ამპლუით შემტევი ნახევარმცველი, ბოლოს ბერძნულ „პანიონისში” თამაშობდა. კამერუნელს კარიერის დიდი ნაწილი სწორედ საბერძნეთში აქვს გატარებული“, – წერია „საბურთალოს“ გევრდზე.
ოლივიე ბუმალი 2015-2016, 2016-2017 წლებში ბერძნული გრანდის, „პანათინაიკოსის“ ღირსებას იცავდა. ასევე უთამაშია „ირაკლისში” (2013-2014), „ლევადიაკოსში” (2012-2013), რუმინულ „ასტრა”-ში (2012-2013), ჩინეთსა (2017) და იაპონიაში (2018). ბუმალს 176 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარი 29-ჯერ აიღო.
აფრიკელ ფეხბურთელს კამერუნის ნაკრების შემადგენლობაში 2017 წლიდან იწვევენ და გუნდში 5-ჯერ ითამაშა.