წყალტუბოს „სამგურალმა“ „საბურთალო“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილში გადაასწრო #1TVSPORT
ეროვნულ ლიგის მეშვიდე ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში გადაასწრო.
„სამგურალი“ – „საბურთალო“ 2:1
გოლები: 1:0 მაისაშვილი (53. ჯერალდოს პასით), 2:0 ნიქაბაძე (77. კალანდარიშვილის პასით), 2:1 სილაგაძე (90+5).
გაძევება: ჩადუნელი (საბურთალო, 90+1).
ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის მატჩი „საბურთალომ“ მთავარი მწვრთნელის, ომარ თეთრაძის გარეშე ჩაატარა, მის ნაცვლად გუნდს გუგა ნერგაძე ხელმძღვანელობდა – მიზეზი თეთრაძის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაა. მწვრთნელი გუნდს მხოლოდ 21 აპრილს, მე-9 ტურში „დინამო თბილისთან“ დაუბრუნდება.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარი ბევრად უფრო სანახაობრივი გამოდგა. ანგარიში 53-ე წუთზე გაიხსნა – ჯეფერსონ ჯერალდოს პასით „სამგურალი“ დავით მაისაშვილმა დააწინაურა. ოთხ წუთში მასპინძლების უპირატესობის გაზრდა ნიკა ხორხელს შეეძლო, მაგრამ მცველმა ბოლო მომენტში ბურთი ფეხიდან ააცალა.
„სამგურალმა“ 77-ე წუთზე მეორე გოლი მაინც გაიტანა – ნიკა კალანდარიშვილის განვითარებული შეტევა გიორგი ნიქაბაძემ დააგვირგვინა – 2:0. შეხვედრის ბოლო წუთებზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის სტუმართა ცენტრალური მცველი გია ჩადუნელი მოედნიდან გააძევეს და „საბურთალოს“ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
თუმცა, კაცნაკლულმა სტუმრებმა ანგარიში შეამცირეს – საჯარიმო დარტყმა ლუკა სილაგაძემ შესანიშნავად შეასრულა 2:1. ბოლო წამზე თბილისელები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ – შეიკნე სილა მასპინძელთა მცველმა საჯარიმოში წააქცია, მაგრამ არბიტრმა მომენტი ვიდეორეფერიზე აღარ გადაამოწმა და „სამგურალმა“ 2:1 მოიგო.
შვიდი ტურის შემდეგ წყალტუბოს „სამგურალმა“ (10 ქულა) „საბურთალოს“ (9) გადაასწრო, გორის „დილას“ (10) დაეწია და მე-5 პოზიციაზე დაწინაურდა, ხოლო თბილისელები მე-6 ადგილზე დაქვეითდნენ.